16:34:14     07-06-2011
ბირთვული იარაღი, თანამედროვე მსოფლიო და მომავალი ომების საფრთხე
დღეისათვის, მსოფლიოს რვა ქვეყნის, აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის და ისრაელის არსენალში დაახლოებით 20,5 ათასი ერთეული ბირთვული იარაღია. ამის შესახებ სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი იუწყება.
ექსპერტების ვარაუდით, მათგან დაახლოებით ხუთი ათასი ერთეული გამოყენებისთვის მზადაა და ორი ათასი კი მაღალი ოპერატიული მზადყოფნის მდგომარეობაში იმყოფება. ბირთვული იარაღის მარაგის შესახებ გამოქვეყნებული ეს მონაცემები მეტყველებს, რომ მსოფლიოში ამ ტიპის შეიარაღების რიცხვი მცირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ის გრძელვადიანი მოდერნაზაციის პროგრამებით კომპენსირდება.
როგორც ცნობილია, 2010 წლის აპრილში, აშშ–სა და რუსეთს შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. თუმცა, ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ, შეთანხმების მიუხედავად, აშკარაა, ორივე მხარე ბირთვული არსენალის შენარჩუნებას, განუსაზღვრელ მომავალ დრომდე აპირებს.
ამას გარდა, ინდოეთი და პაკისტანი, აგრძელებენ ბალისტიკური და მართვადი რაკეტების ახალი სისტემების და ტექნოლოგიების განვითარებას. ამ ქვეყნებისთვის, წლების განმავლობაში, ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის საკითხი, თავდაცვის პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
ექსპერტებისთვის საინტერესო არა მხოლოდ ამ არსენალის მარაგის შესახებ მონაცემების გაცნობაა, არამედ იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე სამხედრო ხარჯები და მსოფლიოს იარაღის მწარმოებლების სამომავლო გეგმები. ეს ყველაფერი მსოფლიოში იარაღის განვითარებისათვის და აქედან გამომდინარე, გარკვეული დასკვნების საფუძველს იძლევა, თუმცა ჟურნალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის, ამ ეტაპზე, მიუწვდომელია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ბირთვული იარაღი მესამე მსოფლიო ომის საფრთხის მუხრუჭი უფროა, ვიდრე მასტიმულირებელი. თუმცა, უკანასკნელ ხანს მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება კარდინალურად შეიცვალა და გარკვეული, ამ დრომდე თითქოს აქსიომებად ცნობილი თეორიებიც მოძველდა. ფაქტია, რომ ბირთვული იარაღის განვითარება ან შექმნა თანამედროვე მსოფლიოს რიგი ქვეყნების მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
0