პაოლო იაშვილის "კარმელი მართალი" და შალვა კარმელის რამდენიმე ლექსი პაოლო იაშვილის "კარმელი მართალი" და შალვა კარმელის რამდენიმე ლექსი /> "/> " />


  11:59:42     07-06-2011

პაოლო იაშვილის "კარმელი მართალი" და შალვა კარმელის რამდენიმე ლექსი

a6709.jpg

მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში არა ერთი შესანიშნავი ხელოვანი მოღვაწეობდა. წინა საუკუნეში ბევრმა ქართველმა შეძლო თავისი განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენა პოეზიაშიც. მათ შორის იყო რაამდენიმე ტრაგიკული ბედის პიროვნება, რომელთა სიცოცხლე ძალიან ადრე შეწყდა და ვერ მოახერხეს დიდი კვალი დაემჩნიათ ქართულ შემოქმედებაში, რადგან ბევრი რამ ვერ მიასწრეს. ერთ-ერთი ასეთი იყო შალვა კარმელი.

შალვა კარმელი ძალიან ახალგაზრდა, სულ 24 წლისა გარდაიცვალა. მერე კი მისი გამოუქვეყნებელი ლექსების ორი, გამოსაცემად გამზადებული წიგნი დაიკარგა. ის ლექსები სამუდამოდ დაკარგა ქართულმა პოეზიამ. ამის გამო შალვა კარმელი ნაკლებად ცნობილია საზოგადოებაში. ჩვენ გადავწყვიტეთ ოდნავ მაინც გამოვსაწოროთ ეს ვითარება. შალვა კარმელის შესახებ პრესა.გე-ს მკითხველებს უკვე ორჯერ ვესაუბრეთ ("შალვა კარმელის "ავტოპორტრეტი პროფილში" და "ვალერიან გაფრინდაშვილის “შალვა კარმელი” და შალვა კარმელის რამდენიმე ლექსი").

 

პირველად მის შესახებ მოკლედ ვისაუბრეთ და წარმოვადგინეთ რამდენიმე მისი ლექსი. შემდეგ დავბეჭდეთ ვალერიან გაფრინდაშვილის ესე შალვა კარმელზე და ასევე გამოვაქვეყნეთ კარმელის კიდევ რამდენიმე ლექსი. დღეს, მკითხველს შევახსენებთ პაოლო იაშვილის პატარა წერილს ტრაგიკული ბედის ქართველ პოეტზე და შემოგთავაზებთ უდროოდ გარდაცვლილი ცისფერყანწელის რამდენიმე ლექსს. გულისდამწველია შალვა კარმელისა და მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორია. ვალერიან გაფრინდაშვილისა და პაოლო იაშვილის წერილები შალვა კერმელზე დაიბეჭდა გაზეთ რუბიკონში (№ 3, 1923 წელი).

 

კარმელი მართალი                        

 

1915 წელს შემოდგომაზე ჩემთან მოვიდა ბავშვი, რომელმაც დამიტოვა რვეული ლექსების და თითქმის ვერაფერი ვერ მითხრა. ის იყო, როგორც ნიბლია. გადავიკითხე ლექსები და იმღამესვე წავედი ვალერიან გაფრინდაშვილთან. ბავშვურ შთაგონებაში ჩვენ დავინახეთ მომავალი ძმა ჩვენს ორდენში შალვა კარმელი. იმ დღიდან ჩვენ ძმები ვიყავით. როდესაც ქუთაისი მთელი შემადგენლობით ხევდა "ცისფერი ყანწების" პირველ რვეულს, შალვა კარმელი მას გულთან ატარებდა და ის გახდა წევრი ჩვენი ღამეების და ჩვენი მარტოობის. ის მუდამ სუსტი და გაფითრებული იყო. ჩვენ მას ვეფერებოდით, ვაიმედებდით, თუმცა გვეშინოდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის ყოველთვის ჩუმი, ცრემლებით გვეტყოდა თავისი დების სიკვდილის ამბავს. ეს ორი კუბო მან შემდეგში გააზღაპრა ვარდის სურნელებით დაწერილ ლექსებში.

 

შალვა კარმელი ჩუქურთმების ოსტატი იყო პოეზიაში. ყველა მისი ლექსი ამოჭრილი იყო მარმალილოზე თუ სპილენძზე. მას, როგორც მთვარეულს იტაცებდა რითმა, და ლექსის გამართულობაზე, რითმაზე ფიქრობდა ისევე, როგორც თავის ტუბერკულოზზე. მისი ლექსი ხშირად გაუგებარი იყო, მაგრამ არასოდეს არ იყო გაუგებარი მისი რითმა. ყველაზე დიდი სიხარული ცხოვრებისა იყო მისთვის მისი წიგნი ლექსების “ბაბილონი“. ეს წიგნი იყო იმედი, ამ წიგნით გრძნობდა ის სიცოცხლეს, თუმცა იცოდა, რომ მისი ფილტვები ჭკნებოდნენ და იცოდა რას ნიშნავდა ხშირი სისხლი მის ბავშვურ პირზე.

 

შარშან აღდგომას, მან სისხლიანი ხელით მომიტანა სიონიდან სანთელი. და სააღდგომო სუფრაზე ის რძის მეტს ვერაფერს სვამდა. უკანასკნელ თვეში ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ შალვა კარმელი ქუთაისიდან ვეღარ დაგვიბრუნდებოდა.

 

პირველი ტრაური ყანწელების. ჩვენ წავიღებთ ქუთაისში პირველ გვირგვინს პოეტების ორდენის სახელით.

 

ყველაზე უმცროსი ძმა, ყველაზე უფრო ჩუმი და გაფითრებული, დავკარგეთ ქუთაისში უბედური დურგლის ფიცრულ ქოხში. ამ ქოხიდან ხეთშაბათს გამოვიტანთ მეოთხე კუბოს მოწყვეტილ შვილებისას.

 

შალვა კარმელის ლექსები:

 

მარტოობა

 

მარტოობამ მომცა აზრი,

საოცნებო როგორც მთვარე, -

მარტოობამ შემიყვარა, -

მარტოობა შევიყვარე!

 

მარტოობამ მომაჩვენა

ტურფა სახე ცის ასულის,

მარტოობით განვიცადე

არსებობა ჩემის სულის.

 

ჩემთვის მყუდრო მარტოობა

არის სევდის გამქარველი,

მარტოობა რომ შევიტკბე,

მიტომ მქვია მე კარმელი!

 

მარტოობამ აღმიმაღლა

სამარადო გულის გრძნობა.

და მიტომაც მიყვარს ასე

მარტოობა, მარტოობა!

 

ლოცვა ხანჯლებით

 

დაგეხარბა - ისრულად

მთვარე ამონაგორი.

მდაგე დარბაისლურად

ჰაშიშების თაგორი.

 

გრთავენ მძივ-ამბარჩები:

აღრალი და სპეკალი-

სხეულს სცვივა ფარჩები

ვნებით რომ მოგეკალი.

 

თუ ვენერა მილოსელს

ახლა ვერ გეღირსები...

კლეოპატრა ნილოსელს

დაგკოცნიან მირზები.

 

მწვავმა და უკადრილმა

ყელს კოცნები შეიბი

და ქარების კადრილმა

შორს გაშალა შლეიფი.

 

შენთვის თუ მილოცნია

ყველა - ეს გიტანჯალი

აჰ, რა ვნებით გკოცნიან!

აჰ, როგორ კლავს ხანჯალი!

 

დარდი ვაგზლების

 

ჩვენ შარაბანით მივქროდით გზაზე.

ვამბობდი: კვდება გული უდამოდ.

თქვენ ჩემს დღიურში ჩასწერეთ ასე:

მცივა! მშვიდობით, ო, სამუდამოდ!

 

დამასაჩუქრე ტყის კავალერი

ლურჯ პეიზაჟით ცივი თვალების.

ახლა მაწვალებს სივრცე ქალური

და შემოხვედრა ყრუ ვაგზალების.

 

სად არის ფრთები, რომ ავცდე ბორკილს...

ქება ეროსებს, ღმერთებს ფრთიანებს.

რა ეშველება ამ "მაქსიმ გორკის" -

ყველას მაშორებს და მაგვიანებს.

 

ვხედავ ციფერბლატს: საათის შვიდზე

ჩვენ მიგველოდა პატარა ხიდი.

გადავდგებოდით გაფრენილ ხიდზე

და გვიტაცებდა შორს მაინ რიდი.

 

სასახლე, ბაღი და ტყე შერევის,

დაღუპულ პრინცის მოჩვენებები.

თქვენ დედოფალი ორანჟერეის -

პანის ყვავილებს კრეფდით ვნებებით.

 

ზმანებაშია ეს ყველაფერი...

ახლა ვაგზლები მაწვალებს გრძელი,

და მენატრება ჭლექით ნაფერი -

შეყვარებული ქალწულის ხელი!

0

ავტორი: