გიგა ბუკია: აგრესიული მოთხოვნებით პარლამენტი გადაწყვეტილებებს არ ღებულობს გიგა ბუკია: აგრესიული მოთხოვნებით პარლამენტი გადაწყვეტილებებს არ ღებულობს />


  17:00:49     14-05-2018

გიგა ბუკია: აგრესიული მოთხოვნებით პარლამენტი გადაწყვეტილებებს არ ღებულობს

a78791.jpg

საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია ვარაუდობს, რომ საქართველოში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, როგორც ნარკოტიკების მომხმარებელთა, ასევე მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება. აქედან გამომდინარე, მისი ფრაქცია ფრაქცია ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მხარს არ დაუჭერს, მათ შორის არც პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს.

PRESA.GE „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკიას ესაუბრა:

- თქვენ წინააღმდეგი ხართ როგორც ლეგალიზების, ასევე დეკრიმინალიზაციის. რატომ მიგაჩნიათ, რომ ნარკოპოლიტიკა მომხმარებელთა მიმართ უნდა იყოს ისეთი მკაცრი, როგორი სახითაც დღეს არსებობს?

- ჩვენი პოზიციაა, რომ ნარკოტიკი მოქალქეებისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს და ყველა კანონი, რომელიც იქნება მიღებული, არ უნდა ითვალისწინებდეს ნარკოტიკის გავრცელებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ კანონპროექტს, რომელიც შეამცირებს ნარკოტიკის მოხმარებას. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სარეაბილიტაციო რეფორმა გავატაროთ.

- თქვენი აზრით, როგორი მოდელის დანერგვით არის შესაძლებელი,  რომ ქვეყენაში ნარკომომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზარდოს და პირიქით, შემცირდეს?

- მსოფლიოს ქვეყნებში მრავალნაირი მოდელი მოქმედებს. ჩვენ გვაქვს წინადადებები, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობთ და გვაქვს კიდეც შეთავაზებები. კანონპროექტს,  რომელიც პარლამენტში შემოსული, მოცემული სახით ჩვენ მხარს არ დავუჭერთ.

- ლიბერალიზაციის ფარგლებში საუბარია, რომ  ნარკომომხმარებლის გამოვლენის პირველ ჯერზე არ მოხდეს პირის დაკავება. რამდენად ეფექტური იქნება ეს  და თუ ხედავთ ამ მუხლის კანონში ჩაწერის აუცილებლობას?

- ეს არის ახალი ინიციატივა. ჩვენ გვინდა ნარკოპოლიტიკის რეფორმის შედეგად მივიღოთ შედეგი,  რომ შემცირდეს ნარკომომხმარებელი და ნარკოტიკები არ იყოს ხელმისაწვდომი. მიზანი ეს არის და არა ის, რომ ნარკომომხმარებლები ჩავსვათ ციხეში. ყოველთვის ვამბობდით, რომ მომხმარებლის ციხეში ჩასმა გამოსავალი არ არის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ გვინდა, ახალი მომხმარებელი შეემატოს ქვეყანას, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდები არიან. სამწუხაროდ, სწორედ მათთვის მიმდინარეობს ნარკოტიკების პოპულარიზაცია.

- წარსულის მძიმე გამოცდილების მიუხედავად, დღევანდელი მოცემულობა ასეთია, რომ ნარკოტიკის მოთხოვნა ახალი თაობის მხრიდან მაინც არსებობს. მკაცრი კანონმდებლობის გამო, ისინი არაკანონიერი გზით ყიდულობენ წამალს, რომელიც ხშირად, ფატალურ შედეგს იწვევს. ასეთ შემთხვევაში, ხომ არ სჯობს, რომ დეკრიმინალიზაცია მოხდეს იმ სერვისების თანხლებით, რაზეც საუბრობენ პარლამენტში არსებული კანონპროექტის ავტორები?

-როგორ გგონიათ, ნარკოტიკი თუ ხელმისაწვდომი გახდება, აღარ იარსებებს ადამიანების კატეგორია, რომელიც იაფფასიან, ან სინთეტიკურ ნარკოტიკს მოიხმარს? ასეთი საუბარი აბსურდია, რადგან ყველა ნარკოტიკს თავისი მომხმარებელი ჰყავს. თუკი ნარკოტიკი იქნება ხელმისაწვდომი, მსხვერპლიც იქნება მეტი და არა პირიქით. ჩვენ ვამბობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. გადავწყვიტოთ დიდი პრობლემა, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ახალგაზრდა და მომავალი თაობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ნარკოტიკი.

- პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გიორგი გახარიას მოხდილმა ბოდიშმა სხვადასხვა ინტერპრეტაციების სახე მიიღო. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ეს ბოდიში, უწყებამ აღიარა, რომ იყო გადაცდომა სპეცოპერაციის დროს, თუ ეს იყო ემოციური ფონის დასამშვიდებლად გაკეთებული კომპრომისი?

- გიორგი გახარიამ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. პირველი 4 თვის განმავლობაში, შსს მაქსიმალურად მუშაობს და ვხედავთ, რომ ათობით კილოგრამი ნარკოტიკია ამოღებული ბრუნვიდან. რაც ეხება პარლამენტის წინ გამართულ აქციას, იგი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მიმდინარეობდა. გასაგებია, რომ ბევრისთვის და მათ შორის, ჩემთვისაც გამოხატვის ფორმა იყო მიუღებელი და არასასიამოვნო, მაგრამ უნდა შევეგუოთ ამ საზოგადოებას.

- თუკი პარლამენტი დეკრიმინალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არ ფიქრობთ, რომ საზოგადოების ეს ნაწილი ისევ გამოვა ქუჩაში და ამ შემთხვევაში, აგრესიულებიც იქნებიან?

- აგრესიულად შეიძლება ნარკომოვაჭერც გამოვიდეს და იმანაც მოითხოვოს, რომ მიეცეს ნარკოტიკის რეალიზების უფლება მიეცეს. აგრესიული მოთხოვნებით პარლამენტი გადაწყვეტილებებს არ ღებულობს. მე ვახმოვანებ „კონსერვატორების“ პოზიციას და დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობასაც იგივე პოზიცია ექნება. არავითარ შემთხვევაში არ იქნება მიღებული ისეთი კანონი, რომელიც ნარკოტიკის მოხმარებას გაზრდის ქვეყანაში.

- ბერას კლიპში საუბარია არა დეკრიმინალიზაციაზე, არამედ ლეგალიზებაზე და საზოგადოებაში აღიქმება ისე, რომ მისი ნამღერი მესიჯები რეალურად ხორციელდება ხელისუფლების მიერ. მოსალოდნელია, რომ ბერას ნამღერმა მესიჯებმა გავლენა მოახდინოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე?

- ბერას აქვს გამოხატვის უფლება და როგორც ჩანს, მან თავისი პოზიცია გამოხატა. ჩვენზე რა ზემოქმედება უნდა იქონიოს ვინმეს პოზიციამ, როცა ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოხატული პოზიცია და მას დავიცავთ.
0

ავტორი: