18:44:43     14-09-2010
საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა - ტოტალური თავდაცვა
საქართველო-რუსეთის კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებამდე სამხედრო მოქმედებების განახლების ალბათობა ძალიან მაღალია. რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა სამხრეთ კავკასიაში ( ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სომხეთში) იძულებულს ხდის საქართველოს გადამჭრელი ზომები მიიღოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად.
საქართველოს და მის შეარაღებულ ძალებს არ ექნება მოსამზადებელი პერიოდი, ამიტომ თავდაცვის ღონისძიებები წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი და მომზადებული. რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგოდ ხელისუფლებამ გააჟღერა ტერმინი „ტოტალური თავდაცვა“, სამწუხაროდ სახელისუფლო ექსპერტებმა არ შემოგვთავაზეს ახსნა თუ რა ღონისძიებების ერთობლიობა იგულისხმება ამ „სტრატეგიის“ ქვეშ.
სავარაუდოდ ხელისუფლება გულისხმობს, რუსეთის წინაღმდეგ ომში, იმოქმედებს „ტოტალური თავდაცვის სტრატეგიით“, მაგრამ ნაკლებად გასაგებია ტერმინი „ტოტალური“ რა დამატებით დატვირთვას სძენს ამ სტრატეგიას. მივყვეთ თანმიმდევრულად. ტოტალური შეიძლება გულისხმობს ქვეყნის მთელ რესურსების ჩართვას და მტერთან ბოლომდე ბრძოლას, ან აქცენტს შეიარაღებულ ძალების რაოდენობაზე და თავდაცვის ტოტალურ ფრონტის შექმნას.
მაგრამ, ტოტალურ თავდაცვის სტრატეგიის არჩევის შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი.
შეიარაღებული ძალების პროფესიული კომპონენტი 5 საბრძოლო ბრიგადის სახით უკვე არსებობს. ამ ქვედანაყოფების ბაზაზე მოკლე დროში შეიძლება ჩამოყალიბდეს სწრაფი რეაგირების კორპუსი. რომლის დანიშნულებაც იქნება მანევრული ბრძოლების წარმოება და გადამწყვეტი დარტყმის მიყენება მოწინააღმდეგისათვის.
რუსეთთან ომის განახლების პირობებში სწრაფი რეაგირების კორპუსის ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანა იქნება: დაუყოვნებლივ გავიდეს წინასწარ დაგეგმილ თავდაცვის ზღუდეზე, შეაკავოს მოწინააღმდეგის შეტევა სრული მობილიზაციის განხორციელებამდე, სტაბილური ფრონტის პირობებში გადააბაროს დაცვის ხაზი სარეზერვო ქვედანაყოფებს, აღიდგინოს ძალები და მოემზადოს გადამწყვეტი დარტყმისათვის.
მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს ომის მოგების ფორმულა ასე გამოიყურება დროში და სივრცეში ძალების კორდინირებული გამოყენება. არა ყველა ერთად ან ერდროულად არამედ იქ სადაც საჭიროა, იმდენი რამდენიც საკმარისია და მაშინ როდესაც აუცილებელია. მაგალითად პირველი მსოფლიო ომის სამხედრო ოპერაციების მშვენება, ე.წ. „ბრუსილოვის გარღვევა“:
ამიტომ სწრაფი რეაგირების კორპუსი არ უნდა იყოს დაკავებული პასიური დავდაცვით ბრძოლებით, ის უნდა იყოს ძლიერი „საბრძოლო მუშტი“ გამოფიტული მოწინააღმდეგის საბოლოოდ განადგურებისთვის. მაგრამ ვინ და როგორ უნდა გამოფიტოს მოწინააღმდეგე? როგორ- ეს სხვა წერილების თემა იქნება, მაგრამ რა ძალამ უნდა შეძლოს მოწინააღმდეგის ჩათრევა ხანგრძლივ და უპერსპექტივო თავდაცვით ბრძოლებში ამაზე ახლავე ვისაუბროთ.
ქვეითი ბატალიონის თავდაცვის მონაკვეთი 6-8კმ, ბრიგადის 30-40 კმ-ი, დივიზიის 60-80 კმ-ი. მჭიდრო, უწყვეტი თავდაცვის ხაზის შესაქმნელად 20 ბრიგადა საკმარისია, თუ გავითვალისწინებთ რომ ყოველ 3 ბრიგადაზე სასურველია ერთი ბრიგადა რეზერვში გვყავდეს 25-26 ბრიგადა საკმარისია მტკიცე თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ბრიგადების სტრუქტურა, შტატი და ტაბელი საკამათო თემაა, მაგრამ ოთხ საბრძოლო ბატალიონის შემადგენლობით 3 400 კაციანი ბრიგადა სრულფასოვანი საბრძოლო შენაერთია და პირობითად ეს ციფრი ავიღოთ.
მთავარი რაც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ:
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად აუცილებელია საყოველთაო სავალდებულო სამსახური. რომელიც იქნება საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო მომზადების საფუძველი.
მაგრამ, ევროპის სამხედრო გამოცდილების და ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით აუცილებელია სამხედრო სავალდებულო სამსახური იყოს მოკლევადიანი. ექვსი თვე საკმარისია როგორც სამხედრო ცოდნის მისაღებად ასევე გამოცდილების დასაგროვებლად.
თუმცა ხარისხი დამოკიდებული იქნება სწავლების მეთოდოლოგიაზე და კარგ ორგანიზებაზე. მაშ ასე, ექვსთვიანი სამსახურის სამი თვე ეთმობა თავდაპირველ სამხედრო მომზადებას და მიმდინარეობს სასწავლო ცენტრებში. შემდგომი სამი თვე მომზადებული რეკრუტი მიდის სამხედრო ნაწილში და უკვე ქვედანაყოფის შემადგენლობაში ხვეწს თავის ინდივიდუალურ ოსტატობას და აგროვებს გამოცდილებას, ეჩვევა ათეულის და ოცეულის შემადგენლობაში სამხედრო დავალებების და ამოცანების შესრულებას. მოკლედ, 6 თვეში ვიღებთ კარგად მომზადებულ სამხედრო მოსამსახურეს რომლის გამოყენება ყველგან შეიძლება.
დავაზუსტოთ ციფრები:სამსახურის ვადა 6 თვე; გაწვევა ყოველ სამ თვეში 3-5 ათასი კაცი;ერთროულად შეიარაღებულ ძალებში 6-10 ათასი ვადიანი სამხედრო მოსამსახურე (რიგითი შემადგენლობა); სულ წლის განმავლობაში მომზადებული პირადი შემადგენლობა 12-20 ათასი კაცი.
საინტერესოა ხელისუფლება რატომ ვერ ახერხებს ასეთი უმარტივესი და ეფექტური გეგმების შემუშავებას? მითუმეტეს არსებული დაფინანსება საკმარისია შეიარაღებული ძალების არა მარტო რეფორმირებისათვის არამედ ახალი შეიარაღებისა და ტექნიკის შესაძენათაც.
ჩვენ გვაქვს შანსი და პოტენციალია ჯერ შევაჩეროთ რუსების აგრესია და შემდგომ განვდევნოთ საქართველოდან. ამისთვის ყველა წინაპირობაა. უბრალოდ დრო არ უნდა დავკარგოთ უზრო პოლიტიკურ კინკლაობებზე. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ყველას საქმე უნდა იყოს. ისრაელი ნათელი მაგალითია როგორ შეიძლება აგრესულ გარემოში არა მარტო დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნება, არამედ განვითარებული, ძლიერი და მდიდარი სახელმწიფოს შექმნა.