17:24:48     04-05-2018
„აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულში დედებმა შვილების თავდებით გათავისუფლება მთხოვეს“

მოსამართლემ დაკავებულების გიორგი ონიანის, ლუკა ნაცვლიშვილის, მიხეილ ამისულაშვილის, ლადო სადღობელაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილის და ბექა რევაზიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით არ შეცვალა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. „ქართული მარშის“ წევრებმა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
ცნობილია, რომ დაკავებულთა მშობლები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ითხოვდნენ შუამდგომლობას, რათა დაკავებული პირები თავდებით გათავისუფლებულიყვნენ, თუმცა, როგორც სჩანს, ამ მიზნით შეგროვილი ხელმოწერების გათვალისწინება სასამართლოს მხრიდან ვერ მოხდა.
PRESA.GE-ს ინფორმაციით, „ქართული მარშის“ წევრების თავდებით პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას ხელი მოაწერეს დეპუტატებმა უმრავლესობიდან: დავით ჭიჭინაძემ, გია ჟორჟოლიანმა; „საქართველოს პატრიოტებიდან“ ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა, ასევე, თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა.
როგორც PRESA.GE-ს თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, დაკავებული პირების მშობლებმა მას სთხოვეს დახმარება, როდესაც საშიმშილოდ დასხდნენ.
„ზუსტად არ ვიცი, არიან თუ არა „ქართული მარშის“ წევრები დაკავებული პირები, მაგრამ შუამდგომლობაზე ხელი გუშინ მოვუწერე, მას შემდეგ რაც მშობლებმა მთხოვეს და დავთანხმდი. ჯერ შევხვდი მოშიმშილე მშობლებს, მათთვის გარანტიები არ მიმიცია, თუმცა დავპირდი, რომ როგორც შემეძლო, ხმას ისე მივაწვდენდი, რომ თავდებით გამოეშვათ დაკავებულები. ამის შემდეგ, გუშინ, მათი ადვოკატი ჩამოვიდა ჩემთან და შუამდგომლობაზე ხელი მოვუწერე.
ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ დაპატიმრების გარეშეც შეიძლებოდა ამ საქმის გამოძიება და მე სწორედ ამ ნაწილში დავთანხმდი. სამწუხაროა, თუკი ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინეს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
შუამდგომლობაზე თანხმობა PRESA.GE-სთან საუბარში დაადასტურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემაც, რომელსაც შუამდგომლობისთვის ასევე დაკავებულების მშობლებმა მიმართეს.
„აღდგომის შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულში დედებმა შვილების თავდებით გათავისუფლება მთხოვეს და ადამიანურად დავთანხმდი, თორემ პარლამენტის წევრები არც მსაჯულები ვართ და არც მოსამართლეები, რომ ვინმე გავამტყუნოთ ან გავამართლოთ. საქმის დეტალები არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ, მაგრამ თუკი გამოძიების პერიოდში დაკავებულების მხრიდან საფრთხე არ არსებობს, არც გამოძიებას ემალებიან და არც ქვეყნის დატოვებას აპირებენ, მიმაჩნია, რომ თავდებობა და შუამდგომლობის ინსტიტუტი ასეთ დროს არის გამოსაყენებელი. რომ გაეთვალისწინებინათ შუამდგომლობა, ამით არც არაფერი დაშავდებოდა და არც არაფერი აშენდებოდა", - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს ასეთი შესავალი გაუკეთა:
„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად" .
19 მარტს, „რუსთავი 2“-ის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. სწორედ ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს „ქართული მარშის“ აქტივისტები.
„რუსთავი 2“-ის შენობის წინ მომხდარის გამო გიორგი ონიანს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე, 126-ე და 239-ე მუხლების დარღვევა, ლუკა ნაცვლიშვილს – 187–ე და 239–ე მუხლების, ხოლო დანარჩენ სამ აქტივისტს: მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილსა და ირაკლი დოლენჯაშვილს 239–ე მუხლის დარღვევა.
0