11:10:13     06-06-2011
"საშინლად გერმანული" თომას მანი
1875 წლის 6 ივნისს გერმანიის ქალაქ ლიუბეკში დაიბადა დიდი გერმანელი მწერალი თომას მანი.
მამა, იოჰან ჰაინრიხი ლიუბეკელი დიდვაჭრების შთამომავალი გახლდათ, დედა სილვა-ბრუნსი გერმანელი პლანტატორისა და პორტუგალიელი წარმოშობის ბრაზილიელი კრეოლის შთამომავალი იყო. მამა ქალაქის სენატორი იყო. დედისაგან, მუსიკალური ნიჭი და თხზვა გამომყვაო, წერდა დიდი მწერალი. ოჯახში სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდათ. იზრდებოდნენ უზრუნველად. სწავლობდა გიმნაზიაში. ბავშვობიდან გატაცებული იყო ლიტერატურით. თავის დებთან ერთად დგამდა საოჯახო სპექტაკლებს.
მამის გარდაცვალების მერე მიუნხენში, 1881 წელს გადავიდნენ. ძალიან ახალგაზრდა თომას მანმა გამოაქვეყნა პირველი ნოველა "დაცემული ქალი", რომელმაც პირველი წარმატება მოუტანა.
მისი უფროსი ძმა, ჰაინრიხი ცნობილი მწერალი გახდა. ძმებმა იტალიაში იმოგზაურეს და თომასმა იქ დაწერა რომანი "ბუდენბროკები", რომელმაც გამოქვეყნებისთანავე, 1899 წელს მსოფლიო აღიარება მოუტანა 26 წლის მწერალს.
1905 წელს იქორწინა ებრაელი პროფესორის ქალიშვილზე, კატია (კატარინა) პრინგსჰაიმზე. 1912-1924 წლებში შექმნა თავისი "ჯადოსნური მთა". ამ რომანმა საბოლოოდ დაუმკვიდრა დიდი მწერლის სახელი. პრუსიამ აკადემიაში ჩარიცხა, ლიუბეკის სენატმა პროფესორის წოდება მიანიჭა... რომანის სიუჟეტი მისი მეუღლის კატია მანის დაავადებამ შთააგონა, რომელიც სამკურნალოდ მთებში გაემგზავრა. პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი წერაში.
1926 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, "ბუდენბროკებისათვის". თუმცა მწერალი ამბობდა, მხოლოდ "ბუდენბროკები" ვერ შემიქმნიდა იმ სახელს, რომელმაც საშუალება მისცა შვედეთის აკადემიას ჩემთვის ეს პრემია მოინიჭებინაო.
1930 წლიდან გამოდიოდა ნაცისტების წინააღმდეგ. 1933 წელს ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ. ნაცისტებმა არა ერთი პროვოკაცია მოუწყვეს. მაგალითად, როცა ის ციურიხში იმყოფებოდა, მისი მანქანა გაიტაცეს და ავარია მოახდინეს. პოლიციამ კი თომას მანს დააკისრა ჯარიმის გადახდა. ნაცისტები სთხოვდნენ დაბრუნებულიყო გერმანიაში, მაგრამ, სადაც "ხალხს "სისხლიანი ხელებით თვალებს ახუჭინებდნენ", ის არ დაბრუნდა.
პრაღის ანტინაცისტურ გაზეთში გამოქვეყნებული ფრაზისთვის, მე იმ ემიგრაციას ვეკუთვნი, რომელიც უკეთესი გერმანიისათვის იბრძვისო (და საერთოდ ანტინაცისტობისათვის), თომას მანს გერმანიის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ჩამოართვეს ბონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებაც. მის წიგნებს კოცონებზე წვავდნენ. 1939 წელს ამერიკაში გაემგზავრა. მას მართლაც ჰქონდა უფლება, მით უმეტეს იმ წლებში, განეცხადებინა: სადაც მე ვარ, გერმანული კულტურაც იქ არისო.
დიდ გერმანელ მწერალს კარგად იცნობდა ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. გამსახურდია მასზე, თავის წერილში "თომას მანნ", წერდა: "მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გაძლიერებულმა პროფესიონალიზმმა, პარიზის, რომის, მიუნხენის ბოჰემის ცხოვრებამ ისეთი ცუდი ატმოსფერო დააყენა დასავლეთის ლიტერატურაში. მრავალი დიდი ხელოვანის გულში ზიზღსა და აღშფოთებას იწვევდა ეს გარემოება.
დეკადანსისა და ამორალიზმის მქადაგებლებს დაავიწყდათ, ზნეობრივად დეგრადირებული ხელოვანი რომ ვერასოდეს შექმნის დიდსა და ჭეშმარიტ ქმნილებას.
თომას მანნიც ხედავს ამ გადაჭარბებული ესთეტურობის, ხელოვნების აღმატებულად "გახელოვნურობის" საფრთხეს. მისი ერთ-ერთი ნოველის გმირი ტონიო კრეგერი ლიტერატორობას ხელობად როდი თვლის, არამედ "საზიზღარ წყევლად".
ახლა სხვა მოთხრობაში ("დამშეულნი") გმირის დეტლევის პირით გვეუბნება ავტორი:
"აჰ, ერთი ღამე, კიდევ ერთი ღამე მენატრება არ ვიყვე ხელოვანი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი. ერთხელ მაინც გავექცე იმ წყევლას, რომელშიაც დათქმულია: შენ ადამიანურ ყოფაში წილი არ უნდა გედოს, არამედ უნდა შექმნა მხოლოდ, შენ უფლება არ გაქვს გიყვარდეს, შენ მხოლოდ და მხოლოდ უნდა იცოდე, თუ რაა სიყვარული".
ხელოვანის, შემოქმედის ტრაგედიას ეხმაურება თომას მანნ რენესანსული დრამით "ფიორენცა".
"პრიორი: "მე არ ვიცი, თუ რაა სიმშვიდე, აუმღვრეველობა. აუმღვრეველნი იგინი არიან, ვინც მოწოდებულნი არ არის. ეჰ, მათი გზა იოლია! შინაგანი ცეცხლი გიზგიზებს ჩემს გულში და ამ ცეცხლს ავყავარ კათედრაზე".
ლორენცო: "შინაგანი ცეცხლიო? ვიცი, კარგად ვიცნობ ამ ნაღვერდალს. მე ვუწოდებდი მას დაიმონს, ნებას, თრობას; მაგრამ იგი უსახელოა, იგი სიგიჟეა შეპყრობილისა, რომელსაც უცნობი ღმერთისათვის შეუწირავს თავი".
თომას მანნს სძაგდა ტიპიური ხელოვანი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ შეჯვარებას კლოუნსა და დემონს შორის. ამავე დროს აღიარებს: მწერალი ამ ცხოვრებიდან განდგომილი უნდა იყოსო.
ჩვენთვის გასაგებია მანნის ეს ვნებანი. ფრანგმა სიმბოლისტმა, საერთოდ სიმბოლისტებმა ისეთი კორიანტელი დააყენეს ბოჰემურობასა და პოეტური ცხოვრების გამო, ამ ავდმყოფურ გრძნობიერებას უთუოდ უნდა მოჰყოლოდა ეს გამოძახილი.
გადაჭარბებული რაფინირება სტილისა და გამოთზქმისა უთუოდ იძლევა პირუკუ შთაბეჭდილებას.
რითი აიხსნება თუნდაც ის გარემოება, რომ ჩვენ ხშირად დიდის გატაცებით ვკითხულობთ მოხუცი, ომებდაგახდილი გენერლების ან მინისტრყოფილების მემუარებს, ისეთი პირების ნაწერებს, რომელთაც წინათ კალამი არა სჭერიათ ხელში?
აქ ორი მიზეზია. ერთი ისაა, რომ ხსენებული კატეგორიის ავტორებს უნარიც არა აქვთ ნამეტნავად ხელოვნური რაფინირებისა, ბოლოს უმთავრესი ეგაა, ისინი მთელი სიცოცხლის მანძილზე ჭარბად დაჰკვირვებიან მოვლენებსა და ფაქტებს ცხოვრებისას, არა მარტო დაჰკვირვებიან, თავათ განუცდიათ ბევრი რამ.
მათ სტრიქონებს ცხოვრების, მიწის სუნი უდის და ამით აჯადევებენ ისინი მკითხველს, ასეთი ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია იულიუს ცეზარის "გალლებთან ომი".
ბურჟუაზიულმა დასავლეთმა შექმნა ამ უკანასკნელ საუკუნეში მწერლური პროფესიონალიზმი. მწერალი გაურბის სხვა პროფესიას.
რამდენადაც ყოველი პროფესია იძლევა დიდძალ მასალას ადამიანების მრავაფეროვანი ტიპების ხასიათების გაცნობისას, ასეთი გამოცდილება ყოველთვის ნაყოფიერად მოქმედებს მწერალზე.
თავიანთი ადრინდელი პროფესიების შთაბეჭდილებანი დიდის წარმატებით გამოიყენეს მწერლობაში ტეკერეიმ, სტენდალმა, ტოლსტოიმ, დეტლევ ფონ ლილიენკრონმა.
ასე რომ, თომას მანნის პროტესტი თანამედროვე ლიტერატურული პროფესიონალიზმის, აკვიატებული ბოჰემელობის წინააღმდეგ საჭირბოროტო ტკივილია. ეს შეეხება არა მარტო გადაჭარბებულ რაფინირებას სტილისას, არამედ მწერლობაშიც გავრცელებულ სენს, პროფესიონალიზმისკენ ლტოლვას ყოველი კაცისას.
დიდ მწერალს, რომელსაც დაგროვილი აქვს დიდი ვიტალური, ცხოვრებისეული განცდანი, ეს პროფესიონალიზმი არას ავნებს, მაგრამ როცა ცხოვრების იგნორანტი მწერალი თავიდანვე პროფესიონალიზმის ნიღაბს გაიკეთებს, მისი შემოქმედება უთუოდ იქნება უსისხლო და ოცნებისაგან გამოტანჯული.
გადაჭარბებული არტისტიზმისა და გამოთქმის ხელოვნურობის წინააღმდეგ გალაშქრება ჩვენ არ უნდა გავიგოთ, როგორც აპოლოგია მოშველებული ჯღაბნისა.
ზოგს ასე ჰგონია, ენის უმეცრებისაგან გამომდინარე უმწეო ლუღლუღი იყოს თითქოს ის იდეალური სისადავე სტილისა, როგორიც ახასიათებს სტენდალს, ტეკერეის და თომას მანნს ან ანატოლ ფრანსს".
თავის წიგნებს დიდი მწერალი უწოდებდა "საშინლად გერმანულს". მართლაც, მთელი მისი შემოქმედება განმსჭვალული იყო გერმანული სულით.
1952 წელს თომას მანი დაბრუნდა შვეიცარიაში და ციურიხის ახლოს ქალაქ კილხბერგში დასახლდა. გერმანიაში ხშირად მოგზაურობდა, თუმცა საცხოვრებლად არ გადასულა.
დიდი მწერალი გარდაიცვალა 1955 წლის 12 აგვისტოს. 0