11:08:02     06-06-2011
პუშკინის ერთი ლექსის რამდენიმე ქართული თარგმანი
ყველას გვახსოვს პუშკინის შესანიშნავი ლირიკული ლექსი:
Я вас любил: любовь еще, быть может,
В душе моей угасла не совсем;
Но пусть она вас больше не тревожит;
Я не хочу печалить вас ничем.
Я вас любил безмолвно, безнадежно,
То робостью, то ревностью томим;
Я вас любил так искренно, так нежно,
Как дай вам бог любимой быть другим.
დღეს, ქართველებს რუსული პროპაგანდა აბრალებს რუსებისადმი, რუსული კულტურისადმი სიძულვილს, მაგრამ პუშკინის ამ ლექსის თარგმნის ისტორია და ვარიანტების სიმრავლე კარგად ამტკიცებს, რომ ქართველ ხალხს არ სძულს არაფერი რუსული, გარდა იმპერიალიზმისა.
პუშკინი მართალია, დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა ქართველებისადმი, მაგრამ, ვინაიდან შემოქმედება შესანიშნავი ჰქონდა, მაღალმხატვრული, ქართველმა პოეტებმა და მთარგმნელებმა მიმართეს მის ნაწარმოებებს და თარგმნეს ქართულად. მისი შემოქმედების თარგმნა, მათ შორის აღნიშნული ლექსისა, დღესაც გრძელდება ჩვენი თანამედროვე ავტორებისა თუ მთარგმნელების მიერ.
ეს ქართველთა კეთილშობილებაზე მეტყველებს. რომელიმე ქართველმა შემოქმედმა ოდნავ ირონიით რომ მოიხსენიოს რუსები, მის შემოქმედებას ტაბუ დაედება უკანასკნელ ბოროტების იმპერიაში.
ჩვენ კი პოეზიის ფასი კარგად გვესმის.
აღნიშნული ლექსი დაიწერა 1829 წელს. ის მიძღვნილია კაროლინა სობანსკაიასადმი, რომელიც უყვარდა პოეტს, თუმცა კაროლინა გულგრილი იყო მისდამი (ამბობენ ეთამაშებოდა, აწვალებდაო). კაროლინა 6 წლით უფროსი ყოფილა. ისე პუშკინს ბევრი გატაცება ჰქონდა. მახსოვს მისი ფრაზა ცოლზე: "ნატალი ჩემი 113-ე სიყვარული იყოო". არსებობს კიდეც წიგნი: "პუშკინის დონ-ჟუანური სია" (რუსულ ენაზე).
დღეს გავიხსენოთ ალექსანდრე პუშკინის აღნიშნული ლექსის რამდენიმე ქართული თარგმანი. სხვათა შორის, დღეს რუსი პოეტის დაბადების დღეა. შევეცადე ახალი თარგმანების მოძიებაც, თუმცა ზოგიერთი მთარგმნელის გვარი ვერ დავადგინე. თუ მკითხველი დაგვეხმარება, ან ავტორი, მადლობელი ვიქნებით. მკითხველი კარგად დაინახავს და გაიხსენებს, რომ ქართული თარგმანებიც კარგია, ხოლო ზოგი შესანიშნავი, რისთვისაც ყველა მთარგმნელს მადლობას ვუხდით.
პაოლო იაშვილისეული თარგმანი:
მე თქვენ მიყვარდით: და ვინ იცის, ეს გრძნობა დიდი
იქნებ ჩემს სულში ჩარჩენილა, ვით ნათლის სვეტი,
მაგრამ მე თქვენი შეშფოთება არ მინდა მითი,
და თქვენი გულის დაღონებაც არ მინდა მეტი.
მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, უხმოდ, უთქმელად,
ხან მოკრძალებით, ხანაც ვიყავ ეჭვით ფარული,
მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად, ისე გულწრფელად,
რომ ღმერთმა მოგცეთ ასეთივე სხვა სიყვარული.
ოციოდე წლის წინ რომელიღაც ჟურნალში წავიკითხე ამ ლექსის ერთი თარგმანი, რომელიც ძალიან მომეწონა და დავიზეპირე, თუმცა სამწუხაროდ მთარგმნელის გვარი აღარ მახსოვს (მგონი ახალგაზრდა გოგო იყო):
მე თქვენ მიყვარდით, ჩემს გულში ჯერაც
იქნებ კვლავ ბუდობს გრძნობა ფარული.
მაგრამ თქვენ მეტად ნუ შეწუხდებით
ნუ შეგაშფოთებთ ეს სიყვარული.
მე თქვენ მიყვარდით, უიმედობით
და ხანაც ეჭვით ვიყავ ვნებული,
ღმერთმა ქნას, თქვენზე, ამაზე მეტად
სხვაც ყოფილიყოს შეყვარებული.
მიხეილ ქვლივიძის ნათარგმნი:
მე თქვენ მიყვარდით... სიყვარული ჯერ კიდევ იქნებ
მთლად არ გამქრალა და ჩემშია, ძვირფასო, ისევ,
მაგრამ ამაზე ნუ იდარდებთ, თქვენს ნათელ ფიქრებს
მე ხელმეორედ მღელვარების არ მივცემ მიზეზს...
მე თქვენ მიყვარდით უნუგეშოდ, ფარულად, უხმოდ
ხან უძლურებით და ხან იჭვით ვიყავი სავსე,
მე თქვენ მიყვარდით ისე წრფელად და ისე უღვრთოდ,
რომ ღმერთს ვთხოვ: - ღმერთო, ნეტა სხვასაც უყვარდეთ ასე!
ეს ლექსი ვასილ გულეურმა ასე თარგმნა:
მე თქვენ მიყვარდით!.. შეიძლება, ეს სიყვარული
ჯერ არ ჩამქრალა ამ ჩემს გულში, ისევ ხმიანობს,
მაგრამ დაე, ნუ შეგაშფოთებთ გრძნობა ფარული,
არ მსურს რაიმემ დაგაღონოთ, გასევდიანოთ.
მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, რიდით, მალულად,
ხან ეჭვი მკლავდა, მაგრამ ტრფობა მქონდა მხურვალე.
მე თქვენ მიყვარდით ის წრფელად, ისე სათუთად,
ღმერთმა ქნას, ასე მომავალში სხვასაც უყვარდეთ!
მერაბ მეტრეველისეული თარგმანი:
მე თქვენ მიყვარდით. სიყვარული თითქოსდა ბედად
ჩემი სულისთვის ისევ მგონი ვერ იქცა უცხოდ.
ნუ შეშფოთდებით, ქალბატონო, რადგანაც მეტად
მე აღარ მინდა თქვენ რამეთი რომ დაგამწუხროთ.
მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, არ იყო შველა;
ხან შიში მკლავდა, ხან მიღრნიდნენ გულს ეს ეჭვები,
მე თქვენ მიყვარიდთ, ისე ნაზად და ისე წრფელად,
ასე უყვარდეთ კიდევ ვინმეს, ღმერთს ვევედრები.
ალექსანდრე ელერდაშვილის ნათარგმნი:
მე თქვენ მიყვარდით, იმ სიყვარულს ჩემი სულისთვის
არ ჩაჰქრობია, შესაძლოა, ყველა სანთელი,
მაგრამ ნურასდროს დაგანაღვლებთ ეს, ღვთის გულისთვის,
არ მინდა წყენა მოგაყენოთ ჩემი სათქმელით.
მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, სიტყვის უთქმელად,
ვიყავ ხან კრძალვით გატანჯული, ხან ეჭვით სავსე;
მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად, ისე გულწრფელად,
რომ ღმერთმა მოგცეთ – ვინმე სხვასაც უყვარდეთ ასე.
ნათია ორმოცაძეს ორი ვერსია აქვს ამ ლექსის თარგმანისა:
1.
მე თქვენ მიყვარდით, ამ სიყვარულს დღემდე ქედს ვუხრი,
გულის დაფარულ, ბნელ კუნჭულში ახლაც ვინახავ;
თუმცა არ მინდა ამის გამო რომ დაგამწუხროთ;
მე ვერ მოვილხენ, თქვენ დარდიანს თუ დაგინახავთ.
მიყვარდი, ვიყავ უიმედო, დუმილით სავსე,
დამღალა განცდამ - კრძალვითა და ეჭვით ვკვდებოდე;
მე თქვენ მიყვარდით, ამ წრფელ გრძნობას სდევდა სინაზე,
მსურს, რომ ამგვარი ტრფობა ისევ დაგბედებოდეთ.
2.
მე თქვენ მიყვარდით, შესაძლოა, ამ სიყვარულის
კვალი სიღრმეში შეუმჩნევლად გულს კვლავ ატყვია.
დღეიდან ნუღარ დაგამწუხრებთ გრძნობა ფარული,
თქვენი წუხილი არასოდეს არ მინატრია.
მიყვარდით - გაქრა ყველა სიტყვა, ყველა იმედი.
ხან მოკრძალება, ხან ეჭვები მღრღნიდა მზაკვარი;
მიყვარდით ნაზად, წრფელზე წრფელად და მეტისმეტად,
გისურვებთ - მალე თქვენც გეგემოთ გრძნობა ამგვარი.
ელისაბედ დვალის მიერ ნათარგმნი:
მე თქვენ მიყვარდით, ეს გრძნობა, ვგონებ,
სულში ბოლომდე არც მინავლულა,
ამიერიდან ნუ შეგაშფოთებთ,
ვერ დაგამწუხრებთ, ვტოვებ მალულად.
ჩუმად მიყვარდით, მთლად უიმედოდ,
იჭვით თუ კრძალვით რამდენი ვივნე,
ჩემსავით წრფელად და ნაზად, ღმერთს ვთხოვ,
შეგიყვარებდეთ ერთხელაც ვინმე.
ეს თარგმანი, ვგონებ, კოტე ყუბანეიშვილისაა:
"მე თქვენ მიყვარდით, სიყვარულს კვლავაც
გულში ვინახავ მყოფს უპასუხოდ,
მაგრამ გთხოვთ ეს ნუ გახდება, რამაც,
თქვენ უნდა გტანჯოთ ან შეგაწუხოთ.
მე თქვენ მიყვარდით და თავში აზრად
ეჭვიან ფიქრებს ვათრევდი მძიმეს,
მე თქვენ მიყვარდით იმდენად ნაზად,
ღმერთმა ქნას ისე უყვარდეთ ვინმეს."
ამ თარგმანის ავტორია მარიტა ებრალიძე:
მე თქვენ მიყვარდით, ბოლომდე თუმცა
არ ჩაფერფლილა ეს გრძნობა ჩემში...
არ შეგაწუხებთ მე ამით, ნურცა
თქვენ დაიტანჯავთ თავს ოხვრა-ხვნეშით.
მე თქვენ მიყვარდით თავგამეტებით,
ბევრჯერ ეჭვებით ვიყავ ვნებული...
ეს სიყვარული განამეტები
სხვაში გეპოვოთ აყვავებული...
ამ თარგმანის ავტორი ნიკა ჩერქეზიშვილია:
მე თქვენ მიყვარდით და ეს გრძნობა, ალბათ, ბოლომდე
არც მინავლულა, ძველებურად მიღვივის სულში,
მაგრამ თქვენ ნუღარ შეშფოთდებით, ჩემთან მყოლოდით
მინდოდა... დღეს კი, ნუ მოიწყენთ, ხელს დაბლა ვუშვებ...
მე თქვენ მიყვარდით, უთქმელად და... ჰო, უიმედოდ,
მოკრძალებითაც... არ დავმალავ, ეჭვებიც მკლავდნენ...
მიყვარდით მთელი გულწრფელობით, სინაზით... ღმერთო...
მინდა, იმ სხვასაც, ასე ძლიერ რომ შეუყვარდეთ.
ამ თარგმანის ავტორის ვინაობა ჩემთვის უცნობია (თუმცა ლამაზია):
მე თქვენ მიყვარდით და შეიძლება
კვლავ ვგრძნობდე გულზე მტანჯველ მარწუხებს...
ნუ შეგაშფოთებთ ეს სიყვარული
თქვენ იგი დიდად ნუ შეგაწუხებთ...
ო, უიმედოდ მე თქვენ მიყვარდით
(უზენაესის ვინ იცის მეტმა...)
და შეგიყვაროთ სხვამაც თქვენ ასე
ნაზად და წმინდად - ინებოს ღმერთმა.
ამ თარგმანის ავტორი ჩემთვის უცნობია (კარგია):
მე თქვენ მიყვარდით, შეიძლება ეს სიყვარული
ჯერ არ ჩამქრალა, გულში დარჩა ისევე წმინდად,
მაგრამ ეს გრძნობა ჩემი მეტად ნუ გაგაოცებთ,
თქვენი დატანჯვა არც მინდოდა, არც ახლა მინდა...
მე თქვენ მიყვარდით, ჩუმად, კრძალვით და უიმედოდ,
ჩუმი ეჭვები და მორიდება მტანჯავდა ძალზედ,
მე თქვენ მიყვარდით, ისე წრფელად, ისეთი გრძნობით
ღმერთმა ქნას, კიდევ ვინმეს უყვარდეთ ასე...
ამ თარგმანის ანტორის ვინაობა ვერ დავადგინე (კარგია):
მე თქვენ მიყვარდით,
ეს სიყვარული ჩემში კვლავ ცოცხლობს,
ჩემი გრძნობებით ნუ აღელდებით,
ეს მინდა გთხოვოთ!
მე თქვენ მიყვარდით,
უხმოდ, კრძალვით და მხოლოდ ჩემთვის,
მსურს სხვამაც შეძლოს ასე უყვარდეთ,
ბედნიერება იქნება თქვენთვის.
0