11:42:24     04-06-2011
ფრანც კაფკას “ამბავი”
1924 წლის 3 ივნისს, 40 წლის ასაკში, გარდაიცვალა ცნობილი გერმანულენოვანი მწერალი ფრანც კაფკა (Franz Kafka).
ფრანც კაფკა წარმოშობით ებრაელი გახლდათ, დაიბადა პრაღაში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, 1883 წლის 3 ივლისს. მამამისი ჰერმან კაფკა ჩეხურენოვანი ებრაელი იყო, ვაჭარი. დედა იულია (ქალიშვილობის გვარი ლევი) გერმანულენოვანი გახლდათ. ოჯახში ჰყავდათ სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი. ფრანცი უფროსი იყო. მაგრამ ორი ვაჟი ოჯახმა მცირეწლოვნობის ასაკში დაკარგა (ფრანცის სამივე და საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს).
1889–1893 წლებში პატარა ფრანცი სწავლობდა დაწყებით სკოლაში. შემდეგ გიმნაზიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. მერე სწავლობდა პრაღის უნივერსიტეტში. მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი. დაიწყო მუშაობა სადაზღვევო ფირმაში.
სწავლის პერიოდში გატაცებული იყო ლიტერატურით, თეატრით. გამოირჩეოდა კარგი ხასიათით და იუმორით. მაგრამ, ბავშვობიდან ოჯახში ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა. დესპოტმა მამამისმა შვილი დააკომპლექსა თავისი სიმკაცრით. ერთხელ პატარას თურმე სურდა გამოთამაშებოდა მამას და სითბოს გამოსახატავად ძილის წინ, უკვე ლოგინში დაწოლილმა, წყალი მოითხოვა. მამამ ხელი სტაცა ფეხებში და სიცივეში აივანზე გაათრია... მთელი ცხოვრება იტანჯებოდა მამისადმი შიშით. იქნებ ამან გამოიწვია საკუთარი თავისადმი რწმენის დაკარგვა, კომპლექსები და სხვა... წერდა გერმანულ ენაზე, თუმცა ჩეხურიც ძალიან კარგად იცოდა. ებრაულ თემში მისი რეალიზება არ მოხდა (მხოლოდ გვიან გაეცნო ებრაულ კულტურას, იუდაიზმს), არც გერმანელი იყო მთლიანად, (არც ავსტრიელი), არც ჩეხებთან ჰქონდა გახსნილი ურთიერთობა. არ გაუმართლა, ვერ შექმნა ოჯახი...
მისმა კომპლექსებმა ხელი შეუშალა მისი ადამიანური ცხოვრების მოწყობას, განვითარებას, თუმცა, როგორც მკვლევარები ამბობენ, ხელი შეუწყო მისი განსაკუთრებული ლიტერატურის შექმნას.
ისედაც სუსტი ფრანცი 1917 წელს დაავადდა ჭლექით. აწუხებდა სხვა სისუსტებიც. 1922 წელს იძულებული გახდა პენსიაზე გასულიყო. როგორც ვთქვით, გარდაიცვალა 1924 წლის 3 ივნისს, ვენასთან ახლოს მდებარე სანატორიუმში.
სოცოცხლეში ფრანც კაფკას მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოები გამოქვეყნდა. სიკვდილის წინ ფრანცმა თავის მეგობარს, მწერალს, ფილოსოფოსს, პუბლიცისტს, მაქს ბროდს სთხოვა დაეწვა მისი ყველა ნაწარმოები. მაგრამ მკითხველთა საბედნიეროდ მეგობარმა არ შეასრულა ეს თხოვნა, შემოინახა მისი შედევრები და გამოაქვეყნა. განადგურდა მხოლოს ფრანც კაფკას რამდენიმე ნაწარმოების ხელნაწერი, რომელიც მის სატრფოს ჰქონდა. ქალმა დაწვა ისინი, თუმცა ყველა მაინც ვერ გაიმეტა.
კრიტიკოსები ცდილობდნენ გაერკვიათ რა არის კაფკას ნაწარმოებების მამოძრავებელი (მოდერნიზმი, "მაგიური რეალიზმი", მითოლოგია, ეგზისტენციალიზმი, იუდაიზმის ძირები, თუ მისი შემოქმედება აიხსნება ფროიდის ფქიქოანალიზით, იქნებ მისი ნაწარმოებები ღმერთის მეტაფიზიკური ძიებაა...).
დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ ფრანც კაფკას ნოველა "ძველი აბმავი", რომელიც გერმანულიდან თარგმნა მამუკა კახნიაშვილმა.
ძველი ამბავი
თითქოს ჩვენ საერთოდ არ გვაღელვებდეს ჩვენი სამშობლოს ბედი. ამაზე ადრე არასოდეს გვიფიქრია და ჩვენს საქმიანობას ვაგრძელებდით, მაგრამ ბოლო დროინდელმა ამბებმა შეგვაშფოთა.
მოედანზე, კაიზერის სასახლის წინ ფეხსაცმელების მაღაზია მაქვს. გარიჟრაჟზე ვხსნი და რას ვხედავ, ყველა ჩიხი სავსეა შეიარაღებულებით. მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები როდი არიან, არამედ ჩრდილოელი ნომადები, ვერ ვხვდები რა ხერხებით მოაღწიეს დედაქალაქამდე, რომელიც საზღვრიდან ძალიან შორსაა. ყოველ შემთხვევაში ახლა ისინი აქ არიან და ალბათ მომავალში უფრო მომრავლდებიან.
მათ ბუნებას თუ გავითვალისწინებთ, ნომადები ღია ცის ქვეშ ბანაკობენ, რადგან საცხოვრებელი სახლები ეზიზღებათ. საქმიანობას ხმლების ლესვა, ისრების წამახვა და ცხენით ჯირითი წარმოადგენს. ეს წყნარი, შიშისგან დაზაფრული ხალხისგან დაცარიელებული მოედანი ნამდვილ საღორედ აქციეს. ჩვენ ვცდილობთ და ხანდახან ვახერხებთ ჩვენი მაღაზიებიდან გამოსვლას და ნაგვის აღებას, მაგრამ ეს უკვე იშვიათად ხდება, რადგან ეს ცდა უშედეგოა და თან ამით საშიშროებაც გვემუქრება: ან ცხენები გადაგვთელავენ, ან მათრახი მოგვხვდება.
ნომადებს ვერ დაელაპარაკები. ჩვენი ენა არ ესმით, ნეტავ საკუთარი თუ აქვთ?! ერთმანეთში ჭკებივით საუბრობენ, გამუდმებით ისმის მათი ჩხავილი. ჩვენი ცხოვრების წესი მათთვის გაუგებარია და ამასთანავე სულერთიც. ისინი ყურადღებასაც კი არ გვაქცევენ. ყბას ამოიგდებ და ხელებს მოიტეხ, მაგრამ რა აზრი აქვს, მაინც ვერ გიგებენ და ვერც ვერასდროს გაგიგებენ. ხშირად გრიმასებს იღებენ; თვალებს აბრიალებენ და პირიდან ქაფი გადმოსდით, რაღაცას გეუბნებიან და თან გაშინებენ. ასე იმიტომ იქცევიან, რომ მართლა ასეთები არიან. რაც ჭირდებათ, იღებენ. ვერაფერს იტყვი, ძალაუფლება აქვთ. მათი თავდასხმის შიშით ადამიანები გარბიან, და ყველაფერს ტოვებენ.
ჩემი მარაგებისგანაც კარგი რაღაცეები მიითვისეს. მაგრამ რას დავიწუწუნებ, როცა ვხედავ, ყასაბს რასაც უშვებიან, ხორცი არ აქვს მოტანილი და უკვე ართმევენ და სანსლავენ, მათი ცხენებიც ჭამენ ხორცს. ხშირად დაინახავთ მხედარს, რომელიც ცხენთან ერთად შეექცევა ხორცს, ერთი თავიდან, მეორე ბოლოდან. ყასაბს ეშინია და ვერაფერს ვეღარ ბედავს. ფულს კი ვაძლევთ, მაგრამ თუ ხორცს არ მისცემ ნომადებს არ იცი, რას მოიმოქმედებენ. ყასაბმა ძალა მოიკრიბა და დილა ადრიან ისევ მოიყვანა ხარი. ეს აღარ უნდა გაეკეთებია.
ალბათ, ერთი საათი ვიწექი ჩემი სახელოსნოს იატაკზე და მთელი ჩემი ბარგი – ბარხანა თავზე მეყარა ხარის ბღავილი რომ არ გამეგო. ყველა კუთხიდან მორბოდნენ ნომადები და კბილებით გლეჯდნენ ხორცს. სიჩუმემ რომ დაისადგურა, კარგა ხნის შემდეგ გავბედე ადგომა. შემზარავი სანახაობის მოწმე გავხდი: ლოთები რომ ყრიან ღვინის კასრის გარშემო, ისე ეყარნენ ისინი ხარის ნარჩენების ირგვლივ.
გავიფიქრე კაიზერმა თუ დაინახა-თქო ეს ყველაფერი. თითქმის არასოდეს გამოდის წინა ოთახებში, შუაგულ ბაღში ცხოვრობს მხოლოდ.
მაგრამ ამჯერად იქ იყო, იშვიათად თუ მინახავს იგი, ერთ-ერთ ფანჯარასთან იდგა და თავდახრილი უყურებდა ციხესიმაგრის წინ მომხდარ ცოდვისტრიალს.
„რა იქნება, რა გველის?“ – ვიკითხეთ ერთხმად. – „როდემდე უნდა ავიტანოთ ამდენი ტანჯვა-წვალება? ნომადებს კაიზერის სასახლის ხელში ჩაგდება უნდათ, კაიზერს კი ვერ მოუსაზრებია როგორ მოიგერიოს ისინი. ჭიშკარი დაკეტილია. დარაჯი, რომელიც ადრე საზეიმოდ მარშირებდა წინ და უკან, ჩარაზული ფანჯრის მიღმა იმალება, ჩვენ, ვაჭრებს და გამყიდვლებს იმედი გვაქვს სამშობლოს ხსნისა, მაგრამ არაფერი შეგვიძლია და ვერც ვერაფერს მოვიმოქმედებთ, ამისთვის ჯერ არც ვართ მზად. სწორედ ამის გამო ვიღუპებით.“
0