მინიატურული შეიარაღება თანამედროვე ომისთვის მინიატურული შეიარაღება თანამედროვე ომისთვის />


  16:17:21     03-06-2011

მინიატურული შეიარაღება თანამედროვე ომისთვის

a6595.jpg

სამხედრო ხარჯების შემცირებისა და ადამიანური დანაკარგებისაგან მაქსიმალურად თავის არიდების მცდელობისას, აშშ–ს და სხვა განვითარებული ქვეყნების სამხედრო მწარმოებლები მცირე მოცულობის ავიაბომბებს, დამიზნების შესაბამისი სისტემებით, ავიამოდელების მსგავს უპილოტო საფრენ აპარატებს და სხვა საბრძოლო საშუალებებს ქმნიან. პენტაგონი და მსოფლიო, ახალი ტიპის შეიარაღებით, 21–ე საუკუნის მომავალი ომებისათვის ემზადება.  

ახალი თაობის შეიარაღება მთელ ქვეყანაში, საიდუმლო ლაბორატორიებში იქმნება. ამ შემთხვევაში, პრიორიტეტი მაღალი სიზუსტის, კომპაქტურ ტექნიკას ენიჭება, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს არ დააზარალებს. აშშ–ს სამხედრო ძალები უარს ამბობს „ცივი ომის“ დროინდელ ძვირ და მოუხერხებელ ტექნიკაზე, რომელმაც ქვეყნებს, თავის დროზე, დიდი მატერიალური და ადამიანური ზიანი მოუტანა.

კორპორაცია „Interstate Electronics“ – ის ლაბორატორიებში, რომელიც ანაჰაიმზეა განთავსებული, ექვსკილოგრამიანი „ჭკვიანი ბომბის“ შექმნაზე მუშაობენ, რომელიც პატარა, დაბალ სიმაღლეზე მფრინავ უპილოტო თვითმფრინავზე იქნება მიმაგრებული. სპეციალისტები ქმნიან ასევე მინიატურულ ფრთოსან რაკეტას, უჩინარ აეროზოლს, სხვადასხვა ღამის მართვის საშუალებებს, ასევე მცირე მოცულობის საბრძოლო ტექნიკისათვის.

ყველა ამ მინიატურულ იარაღს ერთი რამ აქვს საერთო: პატარა თვითმფრინავი–რობოტები. უპილოტო თვითმფრინავებს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ბრძოლებში და რამხელა დატვირთვას იძენს წარმატების მიღწევისას, ეს პენტაგონმა დაინახა ერაყში, ავღანეთში თუ სხვაგან ოპერაციების წარმოებისას. რამდენადაც ცნობილია, ამ საშუალებებმა უსამა ბენ ლადენზე თავდასხმის დროსაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მთელი ეს სამუშაო, ძირითადად, ერთი შემსყიდველის, პენტაგონისთვის ტარდება, რომელსაც 671 მილიარდი დოლარის მიღება 2012 ფინანსურ წელს სურს. ამ თანხიდან უპილოტო თვითმფრინავებზე უნდა წავიდეს 4,8 მილიარდი დოლარი. თანხა, ამჯერად, დიდი არ არის, მაგრამ ამ მიზნით საბიუჯეტო ხარჯები სულ უფრო იზრდება. მინიატურული იარაღის ზოგიეთი სახეობები ვიზუალურად სათამაშოებს ჰგავს, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, სინამდვილეში ეს არის თანამედროვე ომის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები.  

თუმცა, კრიტიკოსების ერთი ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, რომ ეს ტექნიკა, შესაძლოა, პირიქით მეტად არაზუსტიც აღმოჩნდეს. სიზუსტეს კი, დღესდღეობით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თანამედროვე საომარი მოქმედებები უმეტესად დასახლებულ რეგიონებში მიმდინარეობს და დარტყმები შეიძლება ამ პუნქტების სიახლოვეს, ანდაც შუაგულში მოხვდეს.

სამუშაოები, ტექნიკის შექმნა–დახვეწის მიმართულებით, აქტიურად გრძელდება. აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალებში მოწვეული პოტენციური და მოქმედი კონსტრუქტორები, ვალდებული არიან ახალი ტექნოლოგიების შესახებ პროექტები, გარკვეული პერიოდულობით, ხშირად წარადგინონ სამეთაურო შტაბს. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ამ ტექნოლოგიების დახვეწის და ახალი, ულტრათანამედროვე შეიარაღების შექმნისაკენ უბიძგებს 21–ე საუკუნის მსოფლიოს, რომელიც ომების შეჩერებას არ აპირებს, მაგრამ ადამიანთა სიკვდილის რისკის მაქსიმალურად შემცირებას ცდილობს.

0

ავტორი: