10:34:27     18-04-2018
„პრეზიდენტმა მსჯავრდებული ისე შეიწყალა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო“
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მსჯავრდებული შეწყალების საფუძველზე ისე გაათავისუფლა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე დავა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა. „2016 წლის 27 მაისს, პოლიციაში დაიწყო გამოძიება საქმეზე გ. უ. - ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 27 მაისს, ღამის საათებში, ნ. თ. - მ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე განიზრახა გ. უ. - ს მოკვლა და დანისმაგვარი საგნით სახის, მუცლის ღრუსა და ტანის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 2016 წლის 28 ივნისს სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა ძებნილი ბრალდებული.
2017 წლის 24 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, შეიცვალა ნ. თ. - ს საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი პროკურატურის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოთხოვნილია ნ. თ. - ს დამნაშვედ ცნობა მკვლელობის მცდელობაში.
საქმე ამჟამად განხილვის სტადიაზეა, თუმცა მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელისაგან“-განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ.
„როგორც ჩანს, ამ სპექტაკლის დამკვეთიც, სამწუხაროდ, არის პარტია "ქართული ოცნება" და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები. დღეს გავრცელებული ინფორმაციაც არის ამისი ნათელი მაგალითი, როცა შეწყალებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაშიც არ მოხდა ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, იყო თუ არა ეს საქმე დასრულებული. შეწყალების კომისიამ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართა შესაბამის უწყებას და ამაზე პასუხი იყო, რომ საქმე არ იყო გასაჩივრებული. ამის შემდეგ უკვე ბატონი ზარდიაშვილის დაანონსებული სიურპრიზები გამოდის დღის სინათლეზე, რაც არის ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელი სახელმწიფო თვალსაზრისით, ვინაიდან ამაში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებები“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
0