ერნესტ ჰემინგუეის "ბანალური ამბავია" ერნესტ ჰემინგუეის "ბანალური ამბავია" /> "/> " />


  14:39:18     03-06-2011

ერნესტ ჰემინგუეის "ბანალური ამბავია"

a6593.jpg

21 ივნისს სრულდება ერნესტ ჰემინგუეის დაბადებიდან 110, ხოლო 2 ივლისს - გარდაცვალებიდან 50 წელი.

რა თქმა უნდა, პრესა.გე-ს მკითხველებთან ერთად ერნესტ ჰემინგუეის იმ დროსაც გავიხსენებთ, მაგრამ ამ დღეებში ამერიკული ლიტერატურისა და ზოგადად ამერიკული სულის შესახებ გვაქვს საუბარი და ამიტომ, მისი შემოქმედებისა და ადამიანობის მოკლედ გახსენებაც არ გვაწყენდა.

 

ამაღელვებელი და ძალიან საინტერესოა მისი ბიოგრაფია. მამა ექიმი ჰყავდა, დედა უაღრესად მორწმუნე ადამიანი იყო, რომელმაც პატარაობიდანვე შეაჩვია ბიბლიის კითხვას.

 

ერნესტ ჰემინგუეის თავის თავზე წერს: "თექვსმეტი წლისა იყო მწერალი, როცა საკუთარი შრომით დაიწყო ლუკმაპურის მოპოვება. იყო დღიური მუშა, მოჯამაგირე, ოფიციანტი, რესტორანში ჭურჭლის მრეცხავი, კრივის მწვრთნელ-ასისტენტი (როცა რომელიმე მოკრივე ცოცხალ სხეულზე მოიწადინებდა წვრთნას), იყო რეპორტიორიც, ხოლო 1926 წლიდან მწერლობით დაიწყო სახსრების მოპოვება. ბავშვობიდანვე ნადირობითა და თევზაობით იყო გატაცებული. უფრო ნაკლები დრო რომ დაეთმო ამ საქმეებისათვის, აგრეთვე თხილამურებისა, მდინარის სპორტისა და ხარების ბრძოლისათვის, მაშინ ალბათ მეტსაც დაწერდა. თუმცა, იქნებ ტყვიაც ეკრა მაშინ შუბლში. ყველა საქმიანობაზე უფრო (გარდა მწერლისა) კითხვა უყვარს და ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ განიცდის, როცა კარგ რამეს დაწერს. ბედი მუდამ წყალობდა ცხოვრებაში, და იმედი აქვს, რომ არც მომავალში უმტყუნებს".

 

დიდი მწერალი საკუთარი სურვილით მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. ერთი ყუმბარისაგან ორასზე მეტი ჭრილობა მიიღო...

 

როგორც ვთქვით, ვაგრძელებთ ამერიკის თემაზე წერას. როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ამერიკელი და საერთოდ, ნებისმიერი ნამდვილი ადამიანი, სწორედ ისეთი იყო ჰემინგუეი - მშვიდობის მოყვარე, სამართლიანობის მოყვარე, დიდი ჰუმანისტი, უტეხი და მამაცი ადამიანი, ადამიანებისა და იდეალებისათვის თავგანწირული...

 

დღეს გთავაზობთ ერნესტ ჰემინგუეის პატარა მოთხრობას "ბანალური ამბავი" (თარგმანი ირაკლი კენჭოშვილისა). ეს მოთხრობა სპეციალურად შევარჩიე, რადგან ერთი ბანალური ამბის გადმოცემაში რამდენი კითხვა შეიძლება დაისვას მწერლის მიერ, თუნდაც იუმორით, რომელიც თუნდაც უბრალო, მაგრამ კეთილშობილ ადამიანს აწვალებს...

 

ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებას 21 ივნისსა და 2 ივლისს (და მერეც) ისევ მივუბრუნდებით.

 

ბანალური ამბავი

 

მოკლედ, იგი ფორთოხალს ჭამდა და კურკებს ნელ-ნელა ისროდა. გარეთ თოვლჭყაპი იწყებოდა. ოთახას ელექტროღუმელი სრულიად არ ათბობდა. ის მოცილდა საწერ მაგიდას და ღუმელზე დაჯდა. რა განცხრომაა! ახლა იგრძნო ცხოვრების ფასი.

 

მან კიდევ ერთი ფორთოხალი აიღო. შორს, პარიზში, მასკარმა მეორე რაუნდშივე დაანარცხა დოყლაპია დანი ფრაში. უფრო შორს, მესოპოტამიაში ოცდაერთფუტამდე მოთოვა. მსოფლიოს მეორე კიდეზე, შორეულ ავსტრალიაში ინგლისელი კრიკეტისტები თავისი კარის გამაგრებაზე ზრუნავდნენ. აი სადაა რომანტიკა!

 

ხელოვნებისა და მწერლობის მესვეურებმა ყურადღება მიაქციეს ჯურნალ "ფორუმს", - კითხულობდა იგი. ესაა მოაზროვნე უმცირესობის მეგზური, ფილოსოფოსი და მეგობარი. პრემირებული მოთხრობები, ვინ იცის, მათი ავტორები ხვალ იქნებ ბესტსელერებს დაგვიწერენ. თქვენ მოგეწონებათ ეს გულთბილი, უშუალო ამერიკული მოთხრობები - ცხოვრებიდან აღებული და თან ჯანსაღი ჰუმორით გამსჭვალული ამბები, რანჩოების სივრცეებზე, მრავალბინიან სახლებსა და მყუდრო განმარტოებულ კოტეჯებზე.

 

"მე უნდა წავიკითხო ისინი", - გაიფიქრა მან.

 

კითხვა განაგრძო. ჩვენი შვილების შვილები - რა მოელის მათ? როგორი არიან ისინი? საჭიროა დავსახოთ ახალი გზები, რათა მათ ფართო სამოქმედო სარბიელი მივცეთ. საჭიროა ამისთვის ომი, თუ ეს შეიძლება მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარდეს? ან იქნებ ყველას კანადაში მოგველის გადასვლა?

 

ჩვენი რწმენა - ნუთუ მეცნიერება მოსპობს მას? ჩვენი ცივილიზაცია - ნუთუ იგი ჩამოუვარდება ძველ წყობას...

 

ამასობაში შორეულ იუკატანის ნესტიან ჯუნგლებში კაუჩუკის ხის მჭრელთა ნაჯახის ხმა გაისმოდა.

 

რა გვესაჭიროება ჩვენ - ძლიერი ადამიანები თუ კულტურული ადამიანები? თუნდაც, მაგალითად ჯოისი. ავიღოთ პრეზიდენტი კულიჯი. რომელი დიდი ადამიანი შეიძლება დავუსახოთ მანათობელ ვარსკვლავად ჩვენს სტუდენტობას? ჩვენ გვყავს ჯეკ ბრიტონი. ჩვენ გვყავს დოქტორ ჰენრი ვან დაიკი. შეიძლება მათი თვისებების სინთეზი? გავიხსენოთ ახალგაზრდა სტრიბლინგის საქმე.

 

რა მოელის ჩვენს ქალიშვილებს, რომლებმაც თვითონ უნდა წარმართონ თავისი ცხოვრების გეზი? ნენსი ჰოთორნი იძულებულია თვითონ წარმართოს თავისი გემი ცხოვრების ოკეანეში, - ის გაბედულად და გონივრულად წყვეტს პრობლემებს, რომელნიც თვრამეტი წლის ასაკიდან ყოველი ქალიშვილის წინაშე წამოიჭრება.

 

რა შესანიშნავადაა შედგენილი ეს სარეკლამო ფურცელი.

 

იქნებ თქვენც თვრამეტი წლის ქალიშვილი ხართ? გავიხსენოთ ჟანა დარკის მაგალითი. გავიხსენოთ ბერნარდ შოუ. გავიხსენოთ როსის მაგალითი.

 

მომავალი 1925 წლის ზღურბლზე გაიხსენეთ ასეთი ფაქტები: არის თუ არა ფუქსავატური ფურცელი პურიტანების ისტორიაში? აქვს თუ არა ატცეკების ღმერთქალ პოკაჰონტას მეორე მხარე, ან აქვს თუ არა მას მეოთხე განზომილება?

 

და თანამედროვე ფერწერა, პოეზია - ხელოვნებაა ეს? არის და არც არის. თუნდაც პიკასო.

 

აქვთ მაწანწალებს თავისი ზნეობრივი ნორმები? ჩაიძირეთ ფიქრთა მორევში!

 

რომანტიკა ყველგან არის. "ფორუმში" წარმოდგენილი ავტორები წერენ საქმის ცოდნით, წარმტაცად და დიდი ჰუმორით. მათ როდი უყვართ ზედმეტი მეცნიერულობა და მრავალსიტყვაობა.

 

იცხოვრეთ სრულყოფილი გონებრივი ცხოვრებით, განიმსჭვალეთ ახალი იდეებით, დაითვერით უჩვეულო განცდათა რომენტიკით. მან სარეკლამო ფურცელი გვერდზე გადადო.

 

და ამასობაში ტრიენში თავის დაბნელებულ ოთახში საწოლზე გაჭიმული იწვა მანუელ გარსია მაერა, რომელსაც ორივე ფილტვში კავერნა გასჩენოდა და ფილტვების ანთებით იხუთებოდა. ანდალუზიის ყველა გაზეთმა საგანგებო დამატებანი მიუძღვნა მის სიკვდილს, რასაც უკვე რამდენიმე დღე ელოდნენ. კაცები და ბიჭები სამახსოვროდ ყიდულობდნენ მთელი ტანით გადაღებულ მის სურათებს, და ამ ლითოგრაფიებზე ცქერით კარგავდნენ მაერას იმ სახეს, რომელიც ხსოვნით შემოენახათ. იგი მოკვდა და მატადორებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან მოედანზე მას ყოველთვის ემარჯვებოდა ისეთი რამეების გაკეთება, რასაც დანარჩენები მხოლოდ ზოგჯერ ახერხებდნენ. წვიმდა, ისინი ყველანი მიაცილებდნენ მის კუბოს, - ას ორმოცდაშვიდი ხართან მებრძოლი გაჰყვა მას სასაფლაომდე, სადაც იგი იოსელიტოს გვერდით დაასაფლავეს. დაკრძალვის შემდეგ წვიმის გამო ყველამ სხვადასხვა კაფეს შეაფარა თავი, - იქ მაერას ბევრი სურათი გაიყიდა, რომელსაც მრგვალად ახვევდნენ და ჯიბეში ინახავდნენ.
0

ავტორი: