ალენ გინსბერგის მსოფლიო "აფრენს" ალენ გინსბერგის მსოფლიო "აფრენს" /> "/> " />


  14:38:01     03-06-2011

ალენ გინსბერგის მსოფლიო "აფრენს"

a6592.jpg

1926 წლის 3 ივნისს დაიბადა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი პოეტი ირვინ ალენ გინსბერგი (Irwin Allen Ginsberg).

მიუხედავად იმისა, ჩვენი პოზიციებიდან მოგვწონს თუ არა რომელიმე პოეტის, ან პოეტთა მთელი გილდიის, რომელიმე იდეა (იდეოლოგია), შეიძლება შევთანხმდეთ ერთ რამეში. თუ ადამიანი ჰუმანიზმის დამკვიდრებისა და ძალადობის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს, თუ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება სურს, თუ ბუნებას იცავს, თუ ადამიანების ბედი აწუხებს, უკვე დადებითად უნდა ჩაითვალოს მისი ეს განზრახვანი მაინც. ხოლო თუ ამას ხელოვნების მაღალი ხარისხით გადმოგვცემს, უკვე დიდი შემოქმედია, დიდი მწერალი თუ პოეტი.

 

ხოლო, რაც ჩვენს მორალს არ ეხმიანება, ნურც ოდეს მოგვწონებოდეს!

 

განსაკუთრებულ მოვლენად ამერიკის იმ ეპოქის პოეტთა შორის ითვლება "ბიტნიკთა" თაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი ალენ გინსბერგი (ზოგი გინზბერგს წერს ქართულად). ბიტნიკების მოძრაობა იყო ერთგვარი საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოძრაობა, გასული საუკუნის 50-70-იან წლების ამერიკაში.

 

ბიტნიკები ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდნენ და ცდილობდნენ ყოველგვარი საზოგადოებრივი თუ ტრადიციული პირობითობისაგან, ყოველგვარი ტაბუსგან თავისუფალი ყოფილიყვნენ. უარს ამბობდნენ ყოველგვარ შეზღუდვაზე. ისინი განუდგნენ მატერიალისტურ და მათი წარმოდგენით, ყალბი ღირებულებების მქონე საზოგადოებას. ესწრაფვოდნენ ბუნებრიობას. ბიტნიკების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოქმედებითი ნაწარმოებია გინსბერგის  "ჰოლი" (ასევე "ყმუილი").

 

შესაძლოა ამ თაობის, ბიტნიკების იდეოლოგია მეორე მსოფლიო ომის კოშმარებმა შვა, ან სხვა რამ მიზეზი აქვს, მაგრამ მათ მთელი მიმართულება შექმნეს, რომელიც სამარადისო ეგონათ - დაბრუნება მარტივ, ბუნებრივ ცხოვრებასთან. განცალკევებამ და ამბოხმა, ბიტნიკები პომოსექსუალიზმის გამართლებასა (თუ მისი დემოკრატიულად დასაშვებლობის, ჩვეულებრიობის) და ნარკომანიის, როგორც ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენის, აღიარებამდე მიიყვანა. თუმცა თვითონ ყველა ამას არ მისდევდა. საერთოდ მათ “უმიზნო და უპროგრამო მეამბოხეები” უწოდეს.

 

სხვა მხრივ, ადამიანზე ადამიანის ძალადობას მუდამ პროტესტით გამოხატავდნენ, სამხედრო კონფლიქტებში იქნებოდა ეს თუ სახელმწიფო აპარატის საქმეებში გამოხატული. ალენ გინსბერგი 1967 წელს დააპატიმრეს ანტისაომარ მარშში მონაწილეობისათვის, 1972 რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ გამოსვლისათვის, 1978 წელს კოლორადოს შტატში ატომური იარაღის ქარხნის წინ დემონსტრაციის მოწყობისათვის. ის კითხულობდა: "ამერიკა, როდის გახდები ანგელოზური?”

 

ალენ გინსბერგის პოეზიის უკეთ გასაცნობ-გასახსენებლად დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ მის სამ ლექსს, რომლებიც საკმაოდ კარგადაა გადმოცემული ქართულად. პირველი ორი დათო კვაჭაძის, ხოლო მესამე დათო გაბუნიას მიერ გახლავთ თარგმნილი. მინდოდა შოთა იათაშვილის მიერ თარგმნილი პოემა "ყმუილი"-ც გაგვეხსენებინა დღეს, მაგრამ დიდი მოცულობისაა და სხვა დროისათვის გადავდოთ.

 

აღმოსავლური ბალადა                           

 

მე ვგრძნობ სიყვარულს, რომელიც მათრობს,

მთვარეს მაგონებს ის უსინათლოს.

მას მხოლოდ გული ატარებს ცოცხალს,

ზედმეტი ფიქრი სიყვარულს მოკლავს.

 

არ მახსოვს ზღვა მე ასეთი სიღრმის,

ბებერი მიწა უსაზღვრო სიზმრის,

და როცა ბავშვი ამ თვალებს ახელს,

გარკვევით ხედავს: მსოფლიო აფრენს.

 

დასავლური ბალადა                     

 

როდესაც მოვკვდი, ძვირფასო, როდესაც მოვკვდი,

გული დამემსხვრა თქვენზე ოცნებით,

რადგან მიყვარდით მე საოცრებით,

მერე კი ცივი დამადეს ლოდი,

როდესაც მოვკვდი, ძვირფასო როდესაც, მოვკვდი.

 

როდესაც მოვკვდი, ძვირფასო როდესაც, მოვკვდი,

სული აღმოჩნდა წმინდა საფრთხეში,

ლაბირინთების დროთა მახეში,

ღმერთს გამოსავალს აქედან ვთხოვდი,

როდესაც მოვკვდი, ძვირფასო, როდესაც მოვკვდი.

 

როდესაც მოვკვდი, ძვირფასო როდესაც, მოვკვდი

ომს შევესწარი ღრუბელთა ზღვაში,

დაბლა რაც ხდება, ის წყდება ცაში,

მე ანგელოზის გვერდით რომ მოვხვდი,

როდესაც მოვკვდი, ძვირფასო, როდესაც, მოვკვდი.

 

ამერიკა

 

ამერიკა, ყველაფერი შენ მოგეცი ახლა უკვე არაფერი ვარ .

ამერიკა, 2 დოლარი და 27 ცენტი, 17 იანვარი, 1956.

საკუთარი გონება მძულს, გული მერევა.

ამერიკა, როდის მორჩები ჰუმანურ ომებს?

მიდი, ეგ შენი ატომური ბომბი უკან გაირტყი.

ვერა ვარ კარგად, ნუ შემაწუხებ.

ლექსებს არ დავწერ, სანამ სურვილი არ გამიჩნდება.

ამერიკა, როდის გახდები ანგელოზური?

როდის გაიხდი შენს ტანსაცმელს?

საფლავიდან როდის შეხედავ საკუთარ თავს?

როდის გახდები მილიონი ტროცკისტის ღირსი?

ამერიკა, რატომ წალეკა ცრემლმა შენი ბიბლიოთეკები?

ამერიკა, როდის გაგზავნი საკუთარ კვერცხებს ინდოეთში?

გულს მირევს შენი გიჟური მოთხოვნები.

როდის მომცემენ სუპერმარკეტში პროდუქტებს ჩემი ლამაზი თვალებისათვის?

ამერიკა, ბოლო-ბოლო მე და შენა ვართ სრულყოფილნი და არა – საიქიო.

შენი მექანიზმები ჭკუიდან მშლის!

შენ გამოა, წმინდანობა რომ მომინდა.

ალბათ, ამ დავის მოსაგვარებლად სხვა გზაც არსებობს.

ბეროუზი ტანჟერშია და არა მგონი, უკან დაბრუნდეს.

ნუთუ მართლა ბოროტი ხარ, თუ უბრალოდ, ასე ხუმრობ?

ვცდილობ, სათქმელი ბოლომდე გითხრა.

ჩემს სიგიჟეზე უარს არ ვიტყვი.

ამერიკა, ნუ გამიხურე, კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ.

ამერიკა, ქლიავს ცვივა თეთრი ყვავილი.

რამდენი თვეა, გაზეთები არ წამიკითხავს.

ვიღაცას ყოველდღე ასამართლებენ მკვლელობისათვის.

ამერიკა, იცი, როგორ მეცოდება მერყევი ხალხი?

ამერიკა, ბავშვობაში კომუნისტი ვიყავი

და არ ვნანობ.

მარიხუანას მოწევის შანსს არ ვმაზავ.

გაუთავებლად ვზივარ შინ და ვარდებს ვუყურებ, კარადებში გამოკეტილებს.

ჩაინათაუნში სულ ვთვრები, თუმცა, ფეხებსაც ვერ მომჭამენ.

მე გადავწყვიტე, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.

უნდა გენახა, მარქსს როგორ ვკითხულობდი.

ჩემი ფსიქოანალიტიკოსი ჯანმრთელად მთვლის.

უფლის ლოცვებს აღარ წარმოვთქვამ.

მაქვს მისტიური ხილვები და კოსმიური ვიბრაციები.

ამერიკა, ჯერ არ მითქვამს, რა უქენი ძია მაქსს, როცა იგი

რუსეთიდან აქ გადმოსახლდა.

მე შენ მოგმართავ!

რაო, შენს ემოციურ ცხოვრებას

ჟურნალ “თაიმს” ჩაუგდებ ხელში?

მაგ ჟურნალზე უკვე მაბოდებს.

ყოველ კვირადღეს ვკითხულობ.

მისი ყდები მე მიყურებენ, როცა კანფეტების მაღაზიასთან მივიძურწები.

ბერკლის საჯარო ბიბლიოთეკის სარდაფშიაც მას ვკითხულობ.

მასში ყოველთვის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ.

ბიზნესმენები სერიოზული ხალხია.

კინოპროდიუსერებიც სერიოზული ხალხია.

ჩემს გარდა ყველა სერიოზულია.

და უცებ ვხვდები, რომ ამერიკა მე თვითონა ვარ.

ისევ საკუთარ თავთან ვსაუბრობ.

აზია ჩემს წინააღმდეგ მოიწევს.

ჩინელის შანსი აღარა მაქვს.

ჯობს, ჩემს ეროვნულ რესურსებს გადავხედო.

აი, ასეთი რესურსები მაქვს:

ორი მასტერკა მარიხუანა მილიონობით გენიტალია და სრულიად დაუბეჭდავი

ინტიმური ლიტერატურა რომელიც

საათში 1400 მილის სიჩქარით დაქრის ოცდახუთ ათას საგიჟეში.

არაფერს ვამბობ ჩემს ციხეებზე და მილიონობით

ღატაკზე, ხუთასი მზის სინათლის ქვეშ ჩემს ქოთნებში რომ იზრდებიან.

საფრანგეთში ბორდელები გავაუქმე, ახლა ტანჟერის რიგი მოვიდა.

მე ვოცნებობ პრეზიდენტობაზე,

თუმცა, ვიცი, კათოლიკე ვარ.

ამერიკა, როგორ მოგიძღვნა ასეთ სულელს წმინდა ლიტანია?

ჰენრი ფორდივით გავაგრძელებ

ჩემი სტროფები მისი ავტომობილებივით არ ჰგავს ერთმანეთს,

ყველა სხავასახვა სქესისაა.

ამერიკა, სტორფს 2500 დოლარად მოგყიდი,

ძველი ნაცნობობით 500-ს დაგიკლებ.

ამერიკა, ხელი გაუშვი ტომ მუნის

ამერიკა, დაიფარე ესპანელი ლოიალისტები

ამერიკა, საკო და ვანძეტი არ უნდა მოკვდნენ

ამერიკა მე სკოტსბოროელი ბიჭებიდან ერთ-ერთი ვარ

ამერიკა, შვიდი წლისა დედამ კომუნისტების შეკრებაზე

წამიყვანა სადაც თითო ბილეთში თითო მუჭა თხილი მოგვცეს

ბილეთი ხუთი ცენტი ღირდა

სიტყვით გამოსვლა - თავისუფალი

ყველანი ერთად ანგელოზებად ქცეულიყვნენ და ყველას

ეცოდებოდა მუშათა კლასი და სუყველა გულწრფელი იყო

აზრზე არა ხარ რა მაგარი შეხვედრა გვქონდა

1835-ში სკოტ ნიარინგი დიდებული მოხუცი იყო ნამდვილი მენში

დედილო ბლურმა ამატირა

ერთხელ ისრაელის თვითმფრინავებს მოვკარი თვალი.

ყველა ჯაშუში იქნებოდა.

ამერიკა, შენ სულაც არ გინდა ომში წასვლა.

ამერიკა, ეგ სულ ცუდი რუსების ბრალია.

ეგ რუსები ეგ რუსები და ჩინელები

და ეგ რუსები.

მაგ რუსეთს ჩვენი ცოცხლად შეჭმა სურს. მაგ რუსეთს გიჟური ძალა აქვს.

ჩვენი ფარეხებიდან მანქანების გამოყვანა უნდა.

უნდა, ჩიკაგოს წაავლოს ხელი.

სჭირდება წითელ მკითხველთა დაიჯესტი.

ჩვენი ავტოქარხნები ციმბირში უნდა, გადაიტანოს.

მაგათი დიდი ბიუროკრატია ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებს მართავს.

მაგრა ტეხავს. ოხ, ამათი! ინდიელებს კითხვას ასწავლიან.

დიდი შავი ზანგებიც უყვართ. ჰა-ჰა!

გვაიძულებენ, ყოველდღე თექვსმეტი საათი ვიმუშაოთ.

მიშველეთ!!!

ამერიკა, მე არ ვხუმრობ.

ამერიკა, ტელევიზორის ყურებით სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

ამერიკა, მართლა ასეა?

ჯობს, მუშაობას მოვკიდო ხელი.

ჯარში წასვლა ან ქარხანაში ჩარხთან დგომა არ მაწყობს,

ახლომხედველი და პსიქოპათი ვარ ბოლო-ბოლო.

ჩემს დაქანცულ მხარს საჭეს მივაყრდნობ, ამერიკა.

0

ავტორი: