19:22:13     10-04-2018
ცოლის ცემისთვის მამაკაცს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული რ.შ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 27 იანვარს, საღამოს საათებში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ.შ.-მ გარდაბნის რაიონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - ე.გ-ს თავის არეში მუშტის დარტყმით ძლიერი ფიზიკური ტკივილი მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, მეუღლისგან თავდაცვის მიზნით ე.გ ნათესავის საცხოვრებელ სახლში გაიქცა, სადაც დაახლოებით 23:00 საათზე რ.შ. მივიდა და დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც თავის და სხეულის არეში მუშტებს და ფეხებს ურტყამდა. რ.შ.-ს ქმედების შედეგად ე.გ-მ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა რ.შ 28 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ რ.შ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
0