12:22:52     10-04-2018
ქართული ოცნების ხელისუფლება იცვლება

დიდი ალბათობით, 2020 წელს ქვეყანაში ხელისუფლება სრულად შეიცვლება. ამის წინაპირობები უკვე გამოიკვეთა როგორც საქართველოში, ისე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ქმედებებში.
წელს, შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებია. მთავარი ოპოზიციური ძალა, ანტისახელისუფლებო ამომრჩეველს, გაერთიანებასა და ქართული ოცნების კანდიდატის დამარცხებას სთავაზობს.
ქართული ოცნება, ჯერჯერობით, საპრეზიდენტო არჩევნების ფრონტზე არ აქტიურობს, მაგრამ არაოფიციალურად, დიდი დაპირისპირებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი კანდიდატი.
თუმცა, შიდა პოლიტიკისა და ამომრჩეველთა განწყობების გარდა, გასათვალისწინებელია საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებიც, რომლებიც პირდაპირ უნდა ითქვას რომ ქართული ოცნების მიმართ არც თუ პოზიტიურია.
ამას ემატება ცივილიზებული მსოფლიოს გააქტიურება პუტინის რეჟიმისა და მის ოლიგარქებთან დაკავშირებით, ვითარება სირიაში და ქიმიური იარაღით მოწამვლის ფაქტი ბრიტანეთში (რასაც ჯამში, 120-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევება მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნებიდან)...
ახალი სანქციებით კი, მხოლოდ რამდენიმე დღეში, პუტინის ოლიგარქებმა უკვე 17 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. დაეცა რუსული რუბლიც და აქციებიც - კრემლის დასაყრდელ კომპანიებში (ლუკოილი, გაზპრომი, როსნეფტი)...
შეიძლება ითქვას რომ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ორგანიზებით, ჩვენს თვალწინ ყალიბდება ახალი პოლიტიკური რეალობა, სადაც რუსეთის როლი საკმაოდ დასუსტებულია, ხოლო მისი სატელიტები ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან.
[I=3]სავარაუდოდ, ღრმა ეკონომიკური კრიზისის, კორუფციისა და სიღარიბის გარდა, სწორედ საერთაშორისო კონტექსტი განსაზღვრავს ქვეყნის არაოფიციალური მმართველისა და მისი ქართული ოცნების მომავალსაც.
კლანები სუსტი ხელისუფლების შიგნით...
ქართული ოცნების ისედაც მორყეულ მმართველობას დამატებით პრობლემებს უქმნის ხელისუფლების შიგნით მიმდინარე მოვლენებიც.
სუსტი პრემიერი, აღმასრულებელი ხელისუფლების ნახევარსაც კი ვერ აკონტროლებს. მაგალითად, ფინანსთა, შს და თავდაცვის მინისტრები გადაწყვეტილებებს ჯერ „სხვაგან“ ათანხმებენ და მერე - კვირიკაშვილთან.
ეკონომიკური ბლოკი, გარდა ქუმსიშვილისა, თითქმის არ ექვემდებარება პრემიერის კონტროლს, რადგან მის დიდ ნაწილს ქვეყნის არაოფიციალური მმართველი - ბიძინა ივანიშვილი განკარგავს.
დაპირისპირებაა პარლამენტშიც. „სტაჟიანი“ დეპუტატები უკვე ღიად აკრიტიკებენ კვირიკაშვილზე უფრო სუსტ ირაკლი კობახიძეს.
გედი ფოფხაძე „პირველი მერცხალია“, უმრავლესობიდან გამსვლელი სხვა დეპუტატები კი, მალე გამოვლენ დღის სინათლეზე.
პრემიერ კვირიკაშვილს „ზედაც არ უყურებენ“ ძალოვნები.
დამოუკიდებლობანას თამაშის დაწყება სურს თბილისის მერ კალაძესაც, რომელსაც ინტელექტუალური შესაძლებლობებისაგან განსხვავებით, ლეგალური ფინანსური გარანტიები და დიდი ამბიციები აქვს.
ამომრჩეველი გადაწყვეტს...
[I=2]მოკლედ, სიტუაცია, ხელისუფლების შესაცვლელად, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, უკვე მწიფდება.
გადამწყვეტ სიტყვას კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაღარიბებული ამომრჩეველი იტყვის, რომელიც ყოველდღიურად უყურებს გამოცარიელებულ მაცივარსა და ქვეყანაშია შექმნილ სავალალო ვითარებას, თითქმის ყველა მიმართულებით...
დრო ახლა, ცვლილებების სასარგებლოდ მუშაობს...
0