12:11:24     10-04-2018
დედისა და ძმის ცემისათვის ბრალდებულს 2,6 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ჯ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 იანვარს, ღამის საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჯ.ყ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას, დედაზე და ძმაზე განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ფიზიკური ტკივილი განიცადეს.
სამართალდამცველებმა ჯ.ყ. 2018 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ყ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
0