10:15:05     10-04-2018
აშშ-ს მიერ სანქციების შემოღების შემდეგ, რუსი მილიარდერების ზარალმა 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგის მიხედვით, აშშ-ს მიერ სანქციების შემოღების შემდეგ რუსი მილიარდერების ზარალმა 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ყველაზე დიდი ზარალი „ნორნიკელის“ პრეზიდენტს ვლადიმერ პოტანინს მიადგა, ვისი ქონებაც 2,28 მილიარდი დოლარით შემცირდა. „რენოვას“ კომპანიათა ჯგუფის ძირითადმა მფლობელმა ვიქტორ ვექსელბერგმა 1,28 მილიარდი დოლარი, ხოლო „ლუკოილის“ ხელმძღვანელმა და თანამმართველმა ვაგიტ ალეკპეროვმა კი 1,37 მილიარდი დოლარი დაკარგა.
სანქციების ამოქმედებიდან მესამე დღეს, დოლართან და ევროსთან მიმართებაში სწრაფი გაუფასურება დაიწყო რუსულმა რუბლმაც. შეზღუდვებს უკანონობის მასშტაბით უპრეცედენტო უკვე უწოდა პუტინის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
დიმიტრი მედვედევმა კი რუსეთის მთავრობას საპასუხო სანქციების მომზადება დაავალა.
შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს აშშ-მ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო სია გააფართოვა. ახალ სასანქციო სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა. მათ შორის არიან ცნობილი რუსი ბიზნესმენები ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვექსელბერგი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.
0