15:56:30     03-04-2018
გია ვოლსკი: პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს თავის ნამოქმედარზე

„ევროპული საქართველო“ იმ პრინციპებს აპროტესტებს, რომლითაც პრეზიდენტის შეწყალების კომისია ხელმძღვანელობს. სერგი კაპანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ნიშნით დაკავების პრობლემა, ისევე როგორც პატიმრების ციხეებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პრობლემა.
„საქართველოში დღეს მართლაც არიან პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, რომელზეც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, და ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და მართლა ათავისუფლებდეს პოლიტიკურ პატიმრებს, ჩვენ როგორც ვხედავთ, ის ხელმძღვანელობს სხვა ტიპის წერილებით, რომელსაც ის იღებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან,“ - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
PRESA.GE პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის ესაუბრა:
- სერგი კაპანაძემ „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა მართლმსაჯულების პოლიტიზირებაში, ხოლო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - საკუთარი ნათესავების ლობირებაში. საქმე ეხება ირაკლი ქორიძის საქმეს და მის შეწყალებას, რომელიც დადასტურებულად არის პრეზიდენტის ახლობელი. რა შეგიძლიათ თქვათ, ამ ორ ფაქტზე, რომელის შესახებაც თქვენი ოპონენტი პარტია საუბრობს?
- რა გითხრათ, აბა... რაც შეეხება შეწყალებას, ეს პრეზიდენტის დისკრეციაა. ზოგადად შეწყალება არის ჰუმანური და სწორის ნაბიჯი, მითუმეტეს, თუ ადამიანმა დიდი ხანი გაატარა საპყრობილეში, მაგრამ არსებობს რაციონალური გადაწყვეტილების მოთხოვნა. პრეზიდენტი იმიტომ არის პრეზიდენტი, რომ პასუხი აგოს თავის ნამოქმედარზე იმ შემთხვევაში, თუკი გაუმართლებელია შეწყალება. შეკითხვას იწვევს შეწყალებულთა რაოდენობა მძიმე და ნარკოტიკული დანაშაულებებისთვის. სტატისტიკურად რომ გადახედოთ, გამოდის, რომ დღეში 3-4 ადამიანის საკითხი უნდა შეისწავლო სიღრმისეულად და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. თუ ეს გადაწყვეტილებები მექანიკურად არის მიღებული, მაშინ, რასაკვირველია, კითხვები ბევრი ჩნდება. რაც ეხება მართლმსაჯულების პოლიტიზირებას, ნებისმიერი ადამიანისგან მოვითხოვ, წარმოადგინოს კონკრეტული მაგალითები, რომელ შემთხვევასა და საქმეში ხედავს პოლიტიზირებას.
- ირაკლი ქორიძეს 30 წელი ჰქონდა მისჯილი ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, თუმცა მან საპატიმრო რამდენიმე წელში დატოვა ჯერ შეწყალების კომისიის და შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით...
- შეწყალება არ ეხებოდა პირადად ქორიძეს, არამედ ყველა პატიმარს, ვისაც შეკრებითობით ჰქონდა მისჯილი საკმაოდ დიდი სასჯელი. შეწყალების შემდეგ, თუ არ ვცდები, 2019 წლამდე ისინი მაინც უნდა ყოფილიყვნენ საპყრობილეში. ეს საკითხი არის პრეზიდენტის პრეროგატივა, რაზეც პასუხისმგებელი თავად უნდა იყოს.
- გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ამ პასუხისმგებლობას ხედავთ?
- არათუ პასუხისმგებლობას, არამედ ისეთ განცხადებებს ვხედავთ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, რომელზე პასუხისმგებლობაც ნულის ტოლია. სკანდალური განცხადებების კეთებისთვის მას ძალიან ფართო სპექტრი აქვს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, როცა მას აქვს დისკრეცია, რომ ადამიანები შეიწყალოს. არ შეიძლება ეს კონვეინური წესით ხდებოდეს.
- მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლისა და შემდგომი მოქმედების გეგმა ამცნო ქვეყნის საზოგადოებას. როგორ ფიქრობთ, ეს არის მისი მხარდამჭერი ამომრჩევლის წაქეზება, რათა თვითონ აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში?
- მე არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს, ვიდრე არ გაირკვევა მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. სადაო მასთან ძალიან ბევრია. თვითონ უნდა, ისე წარმოაჩინოს, თითქოს პიჯაკებისთვის ედავება სასამართლო, მაგრამ მას სერიოზული ბრალდებები აქვს წაყენებული და ამაზეა პასუხი გასაცემი. რაც შეეხება მის განცხადებებს, მაინც ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი საწყის წერტილს უბრუნდება და ტაქტიკად აირჩია, რაც მას ჰქონდა 2003-2004 წლის პერიოდში, რა პირობებსაც იძლეოდა. რეალურად რა შესრულდა, ჩვენ კარგად დავინახეთ, როცა ადამიანების კისერზე და ოჯახებზე გადაიარა მისმა მმართველობამ.
0