12:25:49     02-04-2018
"საქართველოში დღემდე ყველაზე დაუცველი ჯგუფებია ქალები, შშმ პირები, ლგბტ+ თემის და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები"

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტს 2017 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის თანახმად, დღემდე ყველაზე დაუცველი ჯგუფებია ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის, ბავშვები, ლგბტ+ თემის და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები.
"თანასწორობის უფლების დაცვისკენ მიმართული რეგულაციების ეფექტურ განხორციელებას, სხვა საკითხებთან ერთად არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი შეხედულებები აფერხებს. დღემდე ყველაზე დაუცველი ჯგუფებია ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის, ბავშვები, ლგბტ+ თემის და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები.
გამოწვევას წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელი, ძალადობა და ფემიციდის მაღალი რიცხვი. პრობლემურია რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება და გადაუჭრელია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხიც", - წერია ანგარიშში.
347 გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, მითითებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2017 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.
0