13:57:33     30-03-2018
"როცა რამდენიმე მილიარდს ხარჯავს სამინისტრო, ბუნებრივია, კონტროლის მექანიზმები სათანადო უნდა იყოს"

"ასე პირდაპირ ვერაფერს დავუკავშირებ, ოფიციალური მიზეზი, რატომ გადადგა ინფრასტრუქტურის მინისტრი, გაცხადებულია".
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
ოპოზიციის მხრიდან ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, გედევან ფოფხაძემ განმარტა, რომ სამინისტროში საკმაოდ დიდი თანხა ტრიალებდა და გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება, მათ შორის, ფინანსურ ხარჯვასთან დაკავშირებით.
„ზოგადად, სამინისტროში რა და როგორ ხდებოდა, ამაზე ინფორმაცია პარლამენტსაც უნდა ქონდეს და საზოგადოებასაც. ბუნებრივია გვაქვს კითხვები, ბევრი რამ კეთდებოდა სამინისტროში და როცა ბევრი რამ კეთდება, კითხვები ჩნდება, ხარისხთან დაკავშირებით, მენეჯმენტთან, ფინანსური რესურსის ხარჯვასთან დაკავშირებით. არ მიყვარს წინასწარი ფონის შექმნა და დადანაშაულება, თუმცა, როცა რამდენიმე მილიარდს ხარჯავს სამინისტრო, ბუნებრივია, კონტროლის მექანიზმები სათანადო უნდა იყოს, რომ ვინმემ ეს ბოროტად არ გამოიყენოს,“ - განაცხადა პარლამენტარმა.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზურაბ ალავიძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე პრემიერმა ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი წარადგინა. კვირიკაშვილის თქმით, ზურაბ ალავიძე კერძო სექტორში განაგრძობს მუშაობას.
0