17:36:13     29-03-2018
ოპოზიცია რუსი დიპლომატის გაძევებაზე: გადაწყვეტილება არის სწორი!

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელის მიხედვითაც ქვეყანა რუს დიპლომატს აძევებს, ოპოზიცია სწორ ნაბიჯად აფასებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საგარეო უწყებამ სწორი გადაწყვეტილება ზეწოლის შემდეგ მიიღო, თუმცა დაგვიანებულია.
„ეს არის სიმბოლური პოლიტიკური აქტი. ეს არის სწორი ქმედება, მაგრამ ის მოჰყვება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც რუსული ნარატივი გაიზიარა, როდესაც შეაფასა მოვლენები, რომელიც განვითარდა ბრიტანეთში. ეს არის სწორი ნაბიჯი, თუმცა დაგვიანებული. ეს არის იმ საზოგადოებრივი წნეხის შედეგი, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამას უნდა მოჰყვეს სხვა ნაბიჯები, როგორიც არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ბოკუჩავამ.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება არის იმ განწყობის შედეგი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.
„ეს არის შედეგი იმ საზოგადოებრივი აზრის, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში. ეს არის სწორი ნაბიჯი. ახლა მთავარია, რომ ჩვენი მთავრობა, რომელიც აქამდე იყო არათანმიმდევრული ამ საკითხებში, რასაც ის საზიანო და მავნებლური წერილი ადასტურებს, დღეიდან მაინც აღარ დაუბრუნდეს იმ გზას, რომ რუსეთთან ენის მოჩლექვით ლაპარაკით შეიძლება ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინ წაწევა და არ დაუბრუნდეს იმ გზას, რომ ჩვენი საზოგადოება დააშინოს ომის შიშით“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
0