14:00:04     29-03-2018
„რუსეთს შეუძლია,ტანკი დაგვიყენოს ავტობანზე და იძულებული გაგვხადოს, ის ტანკი ავაფეთქოთ“

„პარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ მისცა საბაბი გრიგოლ კარასინს, ეთქვა - თქვენ ვერ ჩამოყალიბებულხართ, რა გინდათო!“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ PRESA.GE-სთან საუბარში განაცხადა.
მისი შეფასებით, გასაკვირი არ არის, ჟენევის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება და ის, რომ რუსეთის ფედერაცია არ აიღებს პასუხისმგებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე:
- უშედეგობა შეიძლება გვაწყობდა კიდეც, რომ უარესისკენ არ წავსულიყავით. მხოლოდ დღევანდელი დღიდან ნუ შევაფასებთ მოვლენებს, გავიხსენოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორია, არა მხოლოდ ამ საუკუნეში. რუსეთი, როგორც იმპერია, არ იცვლება და მას ამ ისტორიაში აქვს თავისი სუსტი ადგილები, რომლის ანალიზზე დაყრდნობითაც უნდა ვცადოთ ხოლმე გარკვეული ბიძგები.
- უკვე მომხდარის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ მომავალში, რუსეთმა აღარ მიიღოს მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში?
- არა მგონია, რუსეთი ჟენევის ფორმატიდან გავიდეს , რადგან მისთვის აბსოლუტურად წამგებიანი იქნება. მთელი მსოფლიო, როგორც ამერიკა, ისე ევროპა, რუსეთს აწვება ახლა და პოლიტიკურ პროცესზე ის უარს არ იტყვის. პირიქით, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დავიყოლიოთ ისინი, რათა სხვა რეგისტრში, უფრო მაღალ თანამდებობის პირებამდე ავიდეს ეს ფორმატი. თუკი ამას მოვახერხებთ, ეს რა თქმა უნდა, გარღვევის დასაწყისი იქნება.
- ოპოზიცია არის კმაყოფილი ჟენევის მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებით და ამბობს, რომ ეს არის სწორედ მისი აქტიურობის დამსახურება. რამდენად არგუმენტირებული იყო ოპოზიციის მოსაზრებები ამ შეხვედრის გამართვამდე?
- სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ასეთია, რომ მათ ყველაფრის ჩაშლა სურთ, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ჩაშლაში მართლა მათ მიიღეს მონაწილეობა. სამწუხარო ფაქტია, რომ რიგით 43-ე შეხვედრა ისევ უშედეგოდ დამთავრდა, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება ეს კარგიც იყო.
- თქვენ ახალი ბიძგების საჭიროებაზე საუბრობთ, რუსული მხარე კი, ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებას და ისეთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს, რასაც საქართველოს არასდროს დათანხმდება. მაშინ რა არის გამოსავალი?
- ეს არ უნდა მოხდეს ამ კანონის გაუქმების ხარჯზე, არც ჩვენი მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის რაიმე ლეგიტიმაციის მიცემის ხარჯზე, მაგრამ თუ ძალის გამოუყენებლობაზე, რუსეთი ხელს მოაწერდა და რუსეთის ფედერაციასთან ერთად მოაწერდანენ ხელს მისივე ხელდასმული დე ფაქტო მმართველები, მერე მოვაწერდით ხელს ჩვენ და გაერო, ამაში ცუდს ვერ ვხედავდი. ეს ცუდი არ იქნებოდა და სულაც არ ნიშნავდა ოკუპირებული რეგიონებისთვის რაიმე ლეგიტიმაციის მიცემას. რუსეთს არც ეს აწყობს, არც სხვა რამ აწყობს და მუდმივად იგონებს საბაბს.
- ამჯერად მათ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა და პარლამენტის რეზოლუცია გამოიყენეს, რომელიც შინაარსით და პათოსით ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. ფიქრობთ, რომ რუსეთის ქმედებაზე სწორედ ამ დოკუმენტებმა შეასრულა რაიმე როლი?
- დიახ, რეალურად ამას დაეყრდნენ და ეს მიზეზი რომ არ ყოფილიყო, მაშინ მათი მოგონილი საბაბი ჰაერში გამოეკიდებოდა. სულ ვამბობ, რომ საჭიროა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის გახსენება და გათვალისწინება, ამავე დროს საერთაშორისო ზეწოლა, რომლის გამოყენებაც საქართველოს მხრიდან მიმდინარეობს. რუსეთს შეუძლია, ელემენტარული პროვოკაციის მოფიქრება, ტანკი დაგვიყენოს ავტობანზე და იძულებული გაგვხადოს, ის ტანკი ავაფეთქოთ. ამის მერე კი იქნება, რაც იქნება. რაღაც ზღვარი არსებობს, რომ პროვოკაციას ბევრჯერ არ წამოეგო, მაგრამ რადგან აღებული გვაქვს მშვიდობიანი კურსი, დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერის განცხადება იყო ძალიან კარგი და ამ სულისკვეთებით შეიძლებოდა მოლაპარაკების წარმართვა.
- ჟენევის შეხვედრის შედეგით თუ ვიმსჯელებთ, პრემიერის მიმართვის შინაარსმა ამ შემთხვევაში ჩაილურის წყალი დალია?
- კი, ასე გამოდის, რადგან რუსულ მხარეს ახსოვს ეს განცხადება და მეორე მხრივ გვეუბნება, რომ ვერ ჩამოვყალიბდით და საბაბად იყენებენ პარლამენტის რეზოლუციას. ჩვენ კონცენტრირება ტატუნაშვილის მკვლელობაზე უნდა გაგვეკეთებინა და ამ საქმის გამოძიებისთვის მიგვეღწია. იქ კი, ჩაიწერა, რომ მოვითხოვთ, გახვიდეთ საქართველოდან, უკან წაიღოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება, თქვათ, რომ მკვლელები და ოკუპანტები ხართ. თუკი ამ ყველაფერს ისტორიისთვის ვწერთ, კი ბატონო, ქაღალდი აიტანს, მაგრამ რამდენად რეალურად წარმოგიდგენიათ, რომ რუსეთი ამას დაეთანხმებოდა? ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა.
0