15:28:14     27-03-2018
„არსებობს ორი გზა: შეიარაღებული დაპირისპირება და მოლაპარაკების პროცესის განვითარება“

„ადამიანები, რომლებმაც აწამეს არჩილ ტატუნაშვილი, ქართულ-ოსური შერიგების და საქართველოს გაერთიანების მტრები არიან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას.
პრემიერმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მიმართა დიდი ხნით არ გადადოს მის მიერ მომზადებული საკითხის განხილვა.
PRESA.GE აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის ესაუბრა:
- პრემიერ-მინისტრმა ციხელაშვილს დაავალა მის მიერ მომზადებული პაკეტის განხილვა, შერიგების პოლიტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა პაკეტზეა საუბარი და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ სახის გააქტიურებამ იმ მოცემულობაში, რაც სახეზე გვაქვს?
- რასაკვირველია, ჩვენი მთავარი ხაზი არის საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და თუ ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვები იქნება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაკეტის განხილვის პროცესი დაიწყება.
- სწორედ ეს არის საინტერესო, რა პაკეტზეა საუბარი, რადგან გიორგი კვირიკაშვილს დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია..
- პრემიერ-მინისტრმა კომენტარი იმიტომ არ გააკეთა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ საკითხის დეტალების დაზუსტება და საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება.
- პრემიერმა ამ კონტექსტში შერიგების თემას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა უკვე მომხდარ დანაშაულზე ეკისრება რუსეთის ხელისუფლებას და საქართველო ყველაფერს გააკეთებს დამნაშავეების დასასჯელად. როგორ წარმოგიდგენიათ ორი განსხვავებული მიდგომის სისრულეში მოყვანა?
- არა მხოლოდ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, არამედ მთლიანად, რეალურად შექმნილ მდგომარეობაზე ეკისრება რუსეთს პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში, არამხოლოდ ქართველების მიმართ. ეს არის მოცემულობა და აქედან გამოსვლას, გარკვეული ზომების მიღება სჭირდება. ამისთვის არსებობს ორი გზა: შეიარაღებული დაპირისპირება და მოლაპარაკების პროცესის განვითარება.
0