14:46:23     27-03-2018
სალომე სამადაშვილი: ევროპაში საქართველოს იმიჯის სერიოზული პრობლემა აქვს

ევროპაში საქართველოს იმიჯის სერიოზული პრობლემა აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა და შს მინისტრების მოადგილეებს უსმენენ.
სამადაშვილი დაინტერესდა თუ რა თანხები იხარჯება საინფორმაციო კამპანიებში ქვეყნის იმიჯის გასაუმჯობესებლად.
„ვფიქრობ, ყველას გვესმის, რომ ვიდრე ამ ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე იწერება საერთაშორისო ანგარიშები, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ კრიმინალური ქსელები მონაწილეობენ არჩევნების ადმინისტრაციის საქმიანობაში, ამ ქვეყანას ექნება პრობლემა, როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს კრიმინალის პრობლემა. ამ ქვეყანას იქამდე ექნება პრობლემა აქედან გაქცეული ადამიანების, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს, როცა ქუჩაში ადგილი აქვს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ძალადობის განხორციელებას და ამაზე არ არის ადეკვატური რეაგირება. მაინტერესებს ე.წ. „ქართული მარშის“ და სხვა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები რამდენად აისახება თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების მდგომარეობის განხილვისას.
ამ ქვეყანას აქვს იმიჯის სერიოზული პრობლემა ევროპაში. ვფიქრობ, უვიზო რეჟიმის პრობლემა უკავშირდება სწორედ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი ევროპაში არ არის ადეკვატური და ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ხარჯავს მილიონნახევარ დოლარს, რომ გასწიოს რეკლამა ერთ-ერთ რუსულ არხზე. ეს ხდება იმ ფონზე, როცა არარუსულ საინფორმაციო წყაროებში გასულ რეკლამაზე სულ დახარჯულია 3 მლნ დოლარი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
0