10:29:52     27-03-2018
ციხელაშვილი: არ იყო გადაჭარბებული სიჩქარე და მოძრაობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გუშინ, ინგოროყვას კლინიკაში წყნეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი მოინახულა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტომანქანა დაეჯახა.
სახელმწიფო მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იმყოფებოდა თუ არა თავად შემთხვევის დროს ავტომობილში.
„საბედნიეროდ, ბავშვი ნორმალურადაა. ვესაუბრე მკურნალ ექიმს, მშობლებს და თავად ბავშვს. ის გადაადგილდება თავისუფლად, ახლა ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, რომლითაც არ აღენიშნება რამე სერიოზული დაზიანება. არ იყო გადაჭარბებული სიჩქარე და მოძრაობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ინციდენტს რაც შეეხება, არის გამოძიება და ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს გეტყვით“, - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.
წყნეთში მოზარდს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც 12 წლის მოზარდმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
0