„სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას „შავი ვოლგის იმიჯი“ უნდა ჩამოვაშოროთ“ „სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას „შავი ვოლგის იმიჯი“ უნდა ჩამოვაშოროთ“ />


  15:55:46     26-03-2018

„სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას „შავი ვოლგის იმიჯი“ უნდა ჩამოვაშოროთ“

a77328.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის ინიციატივამ, რომლის თანახმად სასამართლოს თავმჯდომარე არჩეული უნდა იქნას წილისყრით თავად მოსამართლეების მიერ და არა იუსტიციის საბჭოს მიერ, საბჭოს წევრთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 

აღნიშნული ინიციატივა ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დააყენა, რომელსაც ხმაური მოჰყვა. როგორც სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრთა უმრავლესობამ განაცხადა, ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში არ არსებობს, ხოლო დღეს არსებული პრაქტიკა მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობს, რომლის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს.

ანა დოლიძის მოსაზრებით კი წილისყრის მეთოდით სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა მიკერძოებულობას გამორიცხავს.

„არ ვთვლი სწორად, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა ნიშნავდეს სასამართლოს თავმჯდომარეს. ეს არის ძველი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც ჩვენ არ გვქონდა სასამართლო თვითმმართველობა და რომელი პრაქტიკიდანაც ჩვენ დღეს გამოვდივართ. საბჭომ მოსამართლეებს თავმჯდომარეები არ უნდა დაუნიშნოს. თავმჯდომარეები სასამართლოებმა თვითონ უნდა აირჩიონ იმისთვის, რომ ჩვენ ჩამოვაცილოთ თავმჯდომარეობის პოზიციას განსაკუთრებული პრივილეგიურობის იმიჯი, ის ძველი „შავი ვოლგის იმიჯი“, რომელიც თავმჯდომარეს ემსახურებოდა, როგორც დირექტორს. სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს სასამართლოს დირექტორი“, - განაცხადა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს განიხილავს ანა დოლიძის კიდევ ერთ ინიციატივას, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სანამ უვადოდ გაამწესებს მოსამართლეს, უნდა გაითვალისწინოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები. საუბარია იმ ადგილობრივ გადაწყვეტილებებზე, რომელიც შემდეგ ევრისასამართლოში გასაჩივრდა.  0

ავტორი: