15:22:18     26-03-2018
სუს-მა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. უწყების ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები ამხილეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,მოხელეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, საერთო ღირებულებით 44 849,98 ლარი.
„დასახელებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ კომისიის ზემომითითებულმა წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლიეს შესრულებული სამუშაოები და შეადგინეს დასკვნები, რომელთა თანახმად სამუშაოები შესრულებულია წარდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა N2-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც განხორციელდა სამუშაოების მიღება-ჩაბარება გამგებლის მიერ, რაც გახდა საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველი.
„აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით 14 302,96 ლარი,“ - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი გულგრილობას ნიშნავს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
0