ნუკრი ქანთარია: ფუჭი გასროლებით იმედს ვუცრუებთ ყველას ნუკრი ქანთარია: ფუჭი გასროლებით იმედს ვუცრუებთ ყველას />


  15:01:34     26-03-2018

ნუკრი ქანთარია: ფუჭი გასროლებით იმედს ვუცრუებთ ყველას

a77324.jpg

„ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენს ამომრჩეველს შეიძლება გაუჭირდეს გარჩევა, სად მთავრდება ე.წ. „ევროპული საქართველო“ და სად იწყება „ქართული ოცნება“, - გასულ კვირაში, ამ კითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო რეზოლუციის პროექტი განიხლებოდა.

PRESA.GE საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნუკრი ქანთარიას ესაუბრა:

- რა საფუძველი გქონდათ ამგვარი განცხადებისთვის, იმის გარდა, რომ  განსხვავებული პოზიცია გქონდათ, პარლამენტის რეზოლუციაში „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას“ სიის ასახვასთან დაკავშირებით?

- საქმე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტმა  სახელად „ევროპულმა საქართველომ" შეცვალა მართვის სტილი. ვერ ვიტყვი, რომ იქ ყველა ნიჭს მოკლებულია, ბევრმა კონსტრუქციული ნიღბები აიფარა და იმ ხალხთან, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სუსხი არ უგრძვნია, გარკვეული ურთიერთობის დამყარების მცდელობები და მათთვის სასურველი პაკეტების შეცურება შეიმჩნევა. რეზოლუციაც ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო, როცა მოინდომეს, რომ „ოთხოზორია -ტატუნაშილის“ სია ამ დოკუმენტში შესულიყო, რომელსაც ჩემი აზრით, რეალურად განხორციელების საფუძველი არა აქვს.

- რას ნიშნავს, საფუძველი არა აქვს?

- ჯერ უნდა მომზადებულიყო საფუძველი ქვეყნების საელჩოების მხრიდან და მერე შეიძლებოდა ამაზე საუბარი. მათ ეს მოახერხეს, მთელი კვირის განმავლობაში აწიეს თემა, რომ თუ ერთიანი რეზოლუცია არ იქნებოდა, ქვეყანა დაიქცეოდა. აი, ამან  და სხვა სიმპტომებმა მაფიქრებინა ის, რაც პლენარულ სხდომაზე ვთქვი. ამ ძალასთან ათქვეფა, „ქართულ ოცნებას“ სიკეთეს არ მოუტანს და ამომრჩეველსაც სერიოზულად დააბნევს.

- თქვენი საუბრიდან როგორც გავიგე, „ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდთან ურთიერთობას საკუთარი ნიჭის მეშვეობით ახერხებს. როგორ გგონიათ, უმრავლესობის ძირითადი ნაწილი ვერ ხვდება ამას?

- აქ საქმე მოხერხებაზე ან სხვადასხვა უნარზეა და ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ უნდა მოხდეს.

- თქვენ ეწინააღმდეგებით იმას, რომ უმრავლესობას „ევროპული საქართველოს“ სახით კონსტრუქციული ოპოზიცია ჰყავს?

- არა, მაგრამ კონსტრუქციული, რომ ვითომ კონსტრუქციულია, ამას ვლაპარაკობ. „ევროპული საქართველო“  ცდილობს წაგვიყვანოს რადიკალიზმისკენ რუსეთთან ურთიერთობაში. ოპოზიციამ მთავარია  კანონი არ დაარღვიოს და როგორიც უნდა ისეთი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამას არ ვგულისხმობ. ამ ხალხთან და იმ რეჟიმის ნამსხვრევებთან ურთიერთობის ფორმები უნდა იყოს წითელი ხაზით გამოკვეთილი.

- რატომ ფიქრობთ რომ „ოთხოზორია-ტატუნაშილის“ სიის მექანიზმი განხორციელებადი ვერ იქნება?

- ასეთი რამე ჯერ უნდა მომზადდეს, რომ ფუჭი გასროლები არ გამოგვივიდეს. ასეთი ქმედებებით, ჩვენ იმედს ვუცრუებთ ყველას, ვისაც რაღაც გარკვეული იმედი აქვს, რომ შესაძლებელია რაღაცის გაკეთება. ამ სიას კი არ ვერჩი რამეს, მაწუხებს ის, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში რასაც ვიტყვით, უნდა იყოს რეალური.

- თავად „ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ გახმაურდა, რომ არსებობს შიდა დაპირისპირება. ხომ არ წარმოადგენთ იმ დეპუტატების ნაწილს, ვისაც აქვს გარკვეული პრეტენზიები იმ ახალგაზრდა გუნდთან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში წარმოადგენს?

- პრეტენზიები არ მაქვს, შეიძლება პოლიტიკური გამოცდილება არა აქვთ, მაგრამ მონდომებული და ნიჭიერი ხალხია. უმრავლესობაში სერიოზული კამათი რომ არსებობს, მგონი, ეს ნორმალურია. განსხვავებული აზრი რომ არსებობს შიგნით, მგონი გამოიკვეთა კიდეც პარასკევს, კვოტებთან დაკავშირებით.

- თქვენ მათ შორის ხართ, ვინც მხარი არ დაუჭირა ქალების სასარგებლო გენდერული ნიშნით კვოტირებას, ხომ?

- ამ ეტაპისთვის ქალები იგულისხმება, თორემ იქ წერია გენდერი - განსხვავებული სქესი, მაგრამ დერეფანი ღიაა და 75 დეპუტატისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. შესაბამისად,  კანონპროექტი ჩავარდა კიდეც. თუმცა, იმავე წუთში, ჩემდა გასაკვირად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ამბობს, ახლა კი ჩავარდა, მაგრამ მომავალ სასესიო კვირას ისევ მოვახდენთ ინიცირებასო. რა გამოდის ამით, ჩემთვის გაუგებარია და მინდა მჯეროდეს, რომ ირაკლი კობახიძეს სიტყვა გაექცა.

- 75 დეპუტატის წინააღმდეგობა უმრავლესობის შიგნით საკმაოდ დიდი ძალაა...

- ჩვენ ქალთა წინააღმდეგი კი არ ვართ, მაგრამ კვოტირება ნუ იქნება, რაც ერთი მხრივ, ქალებისთვის არის შეურაცხმყოფელი, მეორე მხრივ, პერსპექტივაში მიგვაჩნია, რომ ხიფათს შეიცავს.

- ანუ?
- თუ კვოტები დავუშვით, პერსპექტივაში ეს კვოტები შეიძლება სხვამაც მოითხოვოს და აუცილებლად მოითხოვს...

- საშუალო სქესს გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა! 0

ავტორი: