სექტანტი პითაგორა სექტანტი პითაგორა />


  14:02:58     01-06-2011

სექტანტი პითაგორა

a6520.jpg

პითაგორას სახელთანაა დაკავშირებული მათემატიკის, ფილოსოფიის, მუსიკისა და რელიგიის ისტორია. მისი აზროვნება უდავოდ მეცნიერულია, მაგრამ რელიგიურ და მითოლოგიურ ელემენტებშია არეული.

პითაგორას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება. მისი პიროვნებისა და მოძღვრების საკითხი ბნელითაა მოცული. თუმცა სრულიად უსაფუძვლოა ეჭვის შეტანა მისი პიროვნების არსებობაში და იმაში, რომ იგი უსათუოდ მეექვსე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა.

 

წარმოშობით პითაგორა პელაზგი ყოფილა და არა ბერძენი. დაბადებულა ქალაქ სამოსში. დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძოდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ჯერ კიდევ ახალგაზრდა პითაგორა გადასახლდა ქვემო იტალიაში, ბერძნების ქალაქ კრიტონში. აქ მან დიდი სახელი მოიხვეჭა, როგორც რელიგიური კასტის ხელმძღვანელმა, პოლიტიკოსმა და ფილოსოფოსმა. მის მიერ დაარსებული საზოგადოება, უფრო რელიგიური ორდენი, ვიდრე ფილოსოფიური სკოლა, დიდ ძალას წარმოადგენდა. როგორც ჩანს, ეს ორდენი სახელმწიფოსთვის აუტანელი გამხდარა და მისი ლიკვიდაცია მოუხდენიათ.

 

პითაგორას სიკვდილის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ლაერტის მიხედვით პითაგორა და მისი ორმოცი მოწაფე დახოცილან ერთ-ერთი სამოქალაქო ბრძოლის დროს ქვემო იტალიაში.

 

რელიგიური მსოფლმხედველობა, რომელიც პითაგორას შეუქმნია, და რომელსაც მისი მიმდევრები დიდი სიმტკიცითა და ძლიერი ნებისყოფით იცავდნენ, იყო სიკვდილის შემდეგ სულის „ღოღვის”, ე.ი. სულის უკვდავების მისტიკური თეორია, რომლის თანახმად სული ადამიანის სიკვდილით საპყრობილედან თავისუფლდება, იწყებს მარადიულ ყოფას, მაგრამ ამ ქვეყანას არ სცილდება, აქ რჩება და სხვადასხვა ცხოველისა თუ მცენარის სახით არსებობს, ასე ვთქვათ, ის „ღოღავს” ამ ქვეყანაზე; ამ ღოღვის დროს სული ცოდვებიდან განიწმინდება და შემდეგ სულიერი არსების მარადისობას უბრუნდება. მაგრამ არც ეს სულიერ არსებათა მარადისობა არის ქრისტიანული რელიგიისდაგვარი იმქვეყნიური სამოთხე. ბერძენი ყოველთვის ამქვეყანაზე რჩება, მისი რელიგიური მისტერიებიც კი ამქვეყნიურია. რჩეული და განწმენდილი სულები დემონებად იქცევიან, _ გვასწავლის პითაგორა, _ დემონები კი ამ ქვეყნად ადამიანის მეზობლად ცხოვრობენ. საუკუნეთა მანძილზე ეს სექტა სულ უფროდაუფრო გადაგვარდა.

 

სიტყვა „ფილოსოფოსი” პირველად პითაგორას უხმარია თავისი პროფესიის გამოსახატავად და მსოფლმხედველობის გამოსათქმელად. პითაგორას ფილოსოფიური თვალსაზრისი გამოდის დებულებიდან, რომ კოსმოსი წესრიგისა და ჰარმონიის მიხედვით არის აგებული, საგანთა ურთიერთობა ქვეყანაზე და ვარსკვლავთა მიმოქცევა სამყაროში მკაცრი რაციონალური დამოკიდებულების გავლენაა. ეს დებულება გახდა საფუძველი პითაგორას მიერ შესწავლილი მუსიკალური ჰარმონიის პრინციპებისა და მის მიერ პირველად მეცნიერებად ჩამოყალიბებული რაციონალური რიცხვის არითმეტიკისა.

 

პითაგორა თვლიდა, რომ ფილოსოფოსი მათემატიკოსი და მუსიკოსი უნდა იყოს. ორივეს პრინციპები მის გონებაშია და გონების გზით იგი კოსმოსის წესრიგს მისწვდება. ამიტომ კოსმოსი ესაა აშენებული, როგორც ჰარმონია და რიცხვი. არისტოტელე წერდა: „პითაგორელები იყვნენ პირველნი, რომლებიც მათემატიკას დაეყრდნენ, განავითარეს იგი და შეიჭრნენ მის ბუნებაში; ისინი ფიქრობდნენ, რომ მათემატიკის პრინციპები ყოველი არსებულის პრინციპებია.”

 

პითაგორელებმა შეიმუშავეს ე.წ დაპირისპირებათა ცხრილი. რაც ასე გამოიყურება: 1. საზღვარი-განუსაზღვრელი, 2. სწორი-არასწორი, 3. ერთი-მრავალი, 4. მარჯვენა-მარცხენა, 5. მამობრივი-დედობრივი, 6. წყნარი-მოძრავი, 7. სწორხაზოვანი-მრუდი, 8. სინათლე-სიბნელე, 9. კეთილი-ბოროტი, 10. კვადრატი-ოთხკუთხედი. სამყარო, ასე ვთქვათ, ამოვსებულია ასეთი დაპირირსპირებებით; თითოეული წყვილი ერთ მთლიანობას შეადგენს და ამით გამოხატავს კოსმიურ წესრიგს.

 

ლაერტი წერს: „მათემატიკოსი აპოლოდორი იუწყება, რომ პითაგორამ ღმერთებს ხარი შესწირა იმ დებულების აღმოჩენის გამო, რომ სწორკუთხოვან სამკუთხედში ჰიპოტენუზების კვადრატი ორივე მხარის კვადრატებს უდრის.

0

ავტორი: