15:55:23     21-03-2018
სად მთავრდება "ევროპული საქართველო" და სად იწყება "ქართული ოცნება"? - პოლემიკა პარლამენტში

„მე თქვენს ადგილას ბევრად უფრო ვიღელვებდი, მკაფიო ზღვარი იყოს მმართველ პარტიასა და იმ პრორუსულ ჯგუფებს შორის, რომლებიც ძალადობას სჩადიან, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ წევრ ნუკრი ქანთარიას.
„22 წლის გოგოს რბილი კრიტიკის გამო ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ საჯაროდ, რაც თქვენ არცერთს არცერთხელ არ დაგიგმიათ. მაშინ არ აღშფოთებულხართ და აღშფოთდით, რომ რეზოლუციაზე რომ შევთანხმდით, ხომ?“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ნუკრი ქანთარიას საპასუხოდ, რომელიც, თავის მხრივ, დაინტერესდა ამომრჩეველს ხომ არ გაუჭირდება გარჩევა, სად მთავრდება ე.წ. „ევროპული საქართველო“ და სად იწყება „ქართული ოცნება“.
მანამდე კი, "ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს მიმართა: ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენს ამომრჩეველს შეიძლება გაუჭირდეს გარჩევა, სად მთავრდება ე.წ. „ევროპული საქართველო“ და სად იწყება „ქართული ოცნება?“
ნუკრი ქანთარიას თქმით, მას არ უნდა დისონანსი შეიტანოს იმ ერთიანობაში, რაც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ რეზოლუციის ერთიან ტექსტზე შეთანხმებით არის გამოწვეული, თუმცა გარკვეული კითხვები აქვს.
„უმცირესობამ, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ ნასხლეტს, საკმაოდ მაღალი ოსტატობა გამოამჟღავნა, აიფარა ე.წ. კონსტრუქციული საბურველი, შემოვიდა მოლაპარაკებაში, მაქსიმალურად სცადა, რომ თავის ბილიკზე გადაეყვანა პროცესი და ამ ხნის განმავლობაში აეწია თემა, რომ თუ ეს არ იქნება ერთიანი რეზოლუცია და სიებს თუ არ მიიღებთ, მაშინ არაფერი იქნებაო. მათ ლიდერებს საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი იმ პრობლემის შექმნაში, რასაც ჰქვია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ორი ტერიტორიის აღიარება, ეს პრობლემა პირდაპირ შუბლში დაარტყეს მაშინ ჩვენს ქვეყანას. ამის შემდეგ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ მომავალში თუ ასეთი ტენდენციები გაგრძელდება, შეიძლება ჩვენს ამომრჩეველს გაუჭირდეს გარჩევა, სად მთავრდება ე.წ. „ევროპული საქართველო“ და სად იწყება „ქართული ოცნება“, - განაცხადა ქანთარიამ.
აღნიშნული პოლემიკა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართა, სადაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.
0