სერგი კაპანაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების შექმნა გულუბრყვილობაა სერგი კაპანაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების შექმნა გულუბრყვილობაა />


  13:35:42     21-03-2018

სერგი კაპანაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების შექმნა გულუბრყვილობაა

a77182.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება იქნება მიღწეული. გრიგორი კარასინის თქმით, პროგრესი ამ კუთხით მიღწეული იყო წინა შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გაიმართა. მისი ინფორმაციით, ზეპირი დეკლარაცია იურიდიულად არასავალდებულო, ნეიტრალური ხასიათის იქნება, ანუ მასში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი ნახსენები არ იქნება.

"პრესა.ჯი" "ევროპული საქართველოს" წევრს, სერგი კაპანაძეს ესაუბრა, რომელიც 2011-2012 წლებში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

-როგორ ფიქრობთ, რა აზრი აქვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას, თუკი ზეპირ დეკლარაციაში აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" სტატუსი ნახსენები არ იქნება?

-ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციაზე დათანხმება შეცდომა იქნება.ამ დეკლარაციაზე თანხმობას ვიძლეოდით იმ შემთხვევაში, თუ მას წინ უსწრებდა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულების აღება. ფაქტია, რუსეთმა ეს ვალდებულება არ აიღო, მაშინ ამ დეკლარაციაზე დათანხმება რას გვაძლევს, სრულიად გაუგებარია. საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება ისედაც აღებული აქვს 2010 წელს და 2013 წელს, ამიტომ ჩვენი მხრიდან არაფერი ახალი არ არის. რუსეთი თუ არ იღებს ამ ვალდებულებას ჩვენს მიმართ, ამ დეკლარაციის არსი რა არის, სრულიად გაუგებარია.

-საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ქართული მხარე ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა მიერ მისაღებ პოლიტიკურ განცხადებას შემდგომი საგნობრივი მოლაპარაკების გზაზე გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად განიხილავს...

-თუ ვინმეს ჰგონია, რომ ახლა რუსეთს ჩვენს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე წნეხი მოეხსნება, უცებ კეთილი გახდება და ჟენევაში ისეთ თემებზე დაიწყებს მუშაობას, რომელიც ჩვენ გვაწყობს, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების შექმნა გულუბრყვილობაა. ძალიან უცნაურია, საიდან მოდის ასეთი ილუზია მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხს გვიკლავენ და ცხედარს არ გვაძლევენ.

- თუკი დეკლარაციაში ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი ნახსენები არ იქნება, მასზე ქართული მხარის თანხმობა რა საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს?  

თუკი საუბარია იმაზე, რომ ხელს ვაწერთ ჩვენ, „სამხრეთ ოსეთი“, აფხაზეთი და ვიღებთ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებას, საერთოდ კატასტროფაა. ეს ნიშნავს, რომ იურიდიულად გარკვეულ აღიარებას ვაკეთებთ. ასეთ სიბრიყვეზე რომ წავიდნენ, მართლა ძალიან გამიკვირდება. მაგრამ ასეც თუ არ ხდება, როგორც მინიმუმ რუსეთს ვაძლევთ არგუმენტს, საერთაშორისო მასშტაბით იძახოს, ჩვენ და აფხაზეთმა ავიღეთ ერთმანეთის მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება, რისკენაც ის 10 წლის განმავლობაში მოგვიწოდებდა. ანუ ერთი მხრივ, მასზე ვხსნით წნეხს, მეორე მხრივ, ვაღიარაღებთ ამ არგუმენტით და თან იმედი გვაქვს, რომ კარგად მოიქცევა მომავალში. ასეთი ლოგიკა ჩემთვის  გაუგებარია. 0

ავტორი: