12:53:09     21-03-2018
"ენმ"-მ ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს

საპარლამენტო ფრაქციამ "ნაციონალური მოძრაობა" ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას მისასალმებელია, თუმცა ფრქაციის წვერებს გარკვეული შენიშვნები აქვთ, რომელთა გათვალისწინების შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაუჭირონ თუ არა მხარი დოკუმენტს.
„მივესალმებით რეზოლუციის სულისკვეთებას და მის დეკლარაციულ ნაწილს, სადაც სწორადაა შეფასებული არსებული მოვლენები, მაგრამ რეზოლიცია ყოველთვის უნდა იყოს ქმედითი და წინ გადადგმული ნაბიჯი, სადაც ასახული უნდა იყოს საქართველოს მკაცრი და საქმიანი პოზიცია, ამიტომ ჩვენ გაქვს შენიშვნები. ვნახავთ, რამდენად იქნება ისინი გათვალისწინებული და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განხილვის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია იქნება.
რეზოლუციის პროექტი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის შეთანხმებული ვარიანტია.
მასში ასახულია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის შესახებ.
პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.
0