17:04:47     20-03-2018
თინა ბოკუჩავა: "ქართული მარში" ხელისუფლების მიერ ხელდასმული და მართული ჯგუფია

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ „ქართული მარში“ ქალაქში პატრულირებს. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავს ესხმიან სრულიად უმიზეზოდ და მათ სასტიკად უსწორდებიან.
მაგალითად, სოციალური ქსელით ცნობილი ხდება, რომ მარშის მონაწილეები გუშინ სასტუმრო რედისონთან მდებარე კლუბებს დაესხნენ თავს, მანამდე კი რამდენიმე ირანელს, რომლებიც მომღერლის პლაკატის გაკვრას ცდილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარშის წევრებმა ამ თავდასხმების ამსახველი ვიდეოები "ლაივის" მეშვეობით თავად გაავრცელეს ინტერნეტში, პოლიციას არცერთ შემთხვევაში არ მოუხდენია რეაგირება მათზე.
აღსანიშნავია, რომ გიგა ბოკერიამ „ქართული მარშთან“ თანამშრომლობაში მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" დაადანაშაულა.
„ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან თანამშრომლობს "ქართულ მარშთან"- აღნიშნა მან.
რატომ არ რეაგირებს პოლიცია ძალადობრივ ფაქტებზე და მართლა თანამშრომლობს თუ არა "ქართული ოცნება" აღნიშნულ ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, ამასთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა ბოკუჩავას დაუკავშირდა.
„პოლიცია იმიტომ არ რეაგირებს, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ ხელდასმული და მართული ჯგუფი, რომელსაც არანაირ პასუხისმგებლობებს არ აკისრებენ.
მათ ძალადობრივ მოწოდებებს და ქმედებებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არასოდეს არ მოჰყვება, რადგან ეს არის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ დავალებებს იღებს სუსისგან. ეს აისახება იმაში, რომ ეს ადამიანები არაერთხელ აკეთებენ ძალადობრივ მოწოდებებს, ჩადისნ სხვადასხვა სახის უკანონობას და არანაირი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან ამას არ მოჰყვება.
იმ პირებს, რომლებიც არღვევენ კანონს და ებრძვიან ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე ძირეულ ფუნდამენტს, როგორიც არის წესრიგი და უსაფრთხოება, არ აქვთ უფლება შეურაცხყონ სხვა ადამიანების აზრი და გადავიდნენ ხელჩართულ ბრძოლაზე.
"ქართული ოცნების" მიზანი სწორედ ის არის, რომ ამგვარი ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, შექმნას ქვეყანაში მართული ქაოსი, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი მართავს.
ასე მოქმედებდა ეს ადამიანი, როცა იხვეჭდა მილიარდებს 90-იანი წლების რუსეთში და ასე უნდა იმოქმედოს დღეს საქართველოშიც,“- განუცხადა თინა ბოკუჩავამ „პრესა.ჯი“-ს.
0