12:43:54     20-03-2018
"შეიძლება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო ჟურნალისტის ნათქვამს, მაგრამ ძალადობა მიუღებელია"

შეიძლება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო იმას, რაც ჟურნალისტმა თქვა, მაგრამ ძალადობას აქ არავითარი ადგილი არ უნდა ჰქონდეს და ასეთი ქმედება მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენლმა ნილს სკოტმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევას მკაცრ ყურადღებას მიაქცევს და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განმეორებას არ დაუშვებს.
„ჩემი ინფორმაციით, ჟურნალისტის ნათქვამთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ში შიდა პროცედურა მიმდინარეობს და ეს ძალიან კარგია, რომ ეთიკურ საკითხებს ტელევიზია თავად აგვარებს.
მეორეს მხრივ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევას მკაცრ ყურადღებას მიაქცევს და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განმეორებას არ დაუშვებს. მედიაში, რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მეორეს, მხრივ მედიას, თავისი გარკვეული შეზღუდვები უნდა ჰქონდეს, რეგულაციები რა არის ეთიკური და რა არა. ამის მოგვარება ძალადობრივი გზით ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა ნილს სკოტმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან გუშინ დაპირისპირება მოხდა. მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა.
შეგახსენებთ, ე.წ. ქართული მარშის წევრები გუშინ "რუსთავი 2" -ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. მათ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.
0