16:22:01     19-03-2018
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო აქტიური პრევენციული ზომები მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო აქტიური პრევენციული ზომები მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან დიდი ხანია აქტიურად მუშაობს, რათა სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, რომელთაც ჩადენილი აქვთ დანაშაული.
„ამის გამოხატულებაა მათ შორის ისიც, რომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ და შესაბამის სასჯელიც არის შეფარდებული, საერთაშორისო ძებნა გამოცხადებულია. სია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო აქტიურად მივიღოთ პრევენციული ზომები ჩვენი მოქალაქეების ინტერსების დასაცავად და მათი უფლებების დასაცავად. ეს მუშაობა გაგრძელდება და რეზოლუცია ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩვენი ძალისხმევა ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის თავლსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.
მთავრობისადმი ეს დავალება ასახულია პროექტში, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებული ვარიანტია.
ამასთან, პარლამენტი მთავრობას მიმართავს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.
0