13:31:55     19-03-2018
დიდი კორუფცია და კლანების ბრძოლა რკინიგზაში - შესაძლოა კოკა გუნცაძე დაიჭირონ...

პროკურატურამ შესაძლოა, რკინიგზაში არსებული კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყოს. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში შესულია განცხადება, სადაც დეტალურადაა აღწერილი ის კორუფციული სქემები და გარემოებები, რომლებსაც რკინიგზაში აქვს ადგილი.
საქართველოს რკინიგზაში კორუფციის არსებობას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ რომ „ისეთი პატიონისანი ჩინოვნიკი, როგორიც ბატონი კოკა გუნცაძეა, ჩვენს ქვეყანაში იშვიათია“.
თუმცა, საწინააღმდეგოზე მეტყველებს ფაქტები, მათ შორის რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პირადი ქონების, ტენდერების, უკანონო და არარეგისტრირებული ტვირთების, საბიუჯეტო სახსრების განიავებისა და ზოგადად, გაქანებული აღებ-მიცემობის შესახებ.
კლანების ბრძოლა...
[I=2]„გრეჩიხების“ მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორი, კოკა გუნცაძე აქამდე თანამდებობას ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილისა და მამუკა ბახტაძის ლობირების ხარჯზე ინარჩუნებდა.
თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ ბახტაძე ერთერთი იმათგანია, რომელმაც შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილი ჩაანაცვლოს, პრემიერის გარემოცვამ „თაროზე შემოდებული კომპრომატები გადმოიღო“.
პრემიერი კვირიკაშვილი, შეიძლება ითქვას რომ „ჩამოლაბორანტების“ კანდიდატია. მომავალ პრემიერად კი, ფინანასთა მოქმედი მინისტრი, მამუკა ბახტაძე და შს მინისტრი, გიორგი გახარია განიხილებიან.
მილიარდელის კარზე, ერთგვარი კომპრომატების ომია. ორივე კლანი ცდილობს თავის უპირატესობაში დაარწმუნოს ქვეყნის არაოფიციალური მმართველი.
ბახტაძეს, ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ლობირებს, გახარიას კი, მილიარდელის ნათესავი - ვინმე შმაგი.
გუნცაძე - დაკითხვისა და დაკავების კანდიდატი?
ჯერ კიდევ აკაკი ჩხაიძიდან მოყოლებული, საქართველოს რკინიგზა ყოველთვის განიხილებოდა დიდი ფულისა და არალეგალური შემოსავლების წყაროდ.
კოკა გუნცაძე, რომელსაც 2012 წლამდე პოლიტიკური ამბიციები აწუხებდა, დღემდე მშვიდად და წყნარად ასრულებდა დავალებებს, რომელიც დიდი ალბათობით, მალე შემოუბრუნდება უკან...
[I=3]„გრეჩიხების“, უჩა მამაცაშვილის, მამუკა ბახტაძისა და სხვების დავალებების შემსრულებელი გუნცაძე დღეს პრემიერ კვირიკაშვილის, პროკურატურისა და შს მინისტრ გახარიას სამიზნეა.
წარმოიდგინეთ, თუ ბატონ ბიძინას დაარწმუნებენ იმაში რომ გუნცაძე საბიუჯეტო სახსრებს მისი ნებართვის გარეშე ფლანგავდა, ატარებდა არარეგისტრირებულ ტვირთებს, უმიზნოდ და შეუთანხმებლად ხარჯავდა შემოსავლებს, რითაც ბიუჯეტს და იქნებ თავად მილიარდელსაც კი აზარალებდა, ავტომატურად მოიხსნება მამუკა ბახტაძის გაპრემიერების იდეა...
რატომ? იმიტომ რომ, მამუკა ბახტაძე, მიუხედავად იმისა რომ მოქმედი ფინანსთა მინისტრია, ამ დრომდე აკონტროლებს რკინიგზის შემოსავლებს კოკა გუნცაძისა და ორი სამი ჩინოვნიკის წყალობით, რომელთა თაობაზეც უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს.
[I=4]თანაც, თუ პროკურატურიდან მოპოვებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, საქმე ძალიან სერიოზულადაა.
მასალების მიხედვით, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა კორუფციულ გარიგებებში, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და სამსახურებლივ გულგრილობაშია ეჭვმიტანილი...
„რომელ კორუფციულ ფაქტებზე მესაუბრებით, ვერ ვხვდები“...
„პრესა.ჯი“ რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელს, დაჩი ცაგურიას დაუკავშირდა.
გვაინტერესებდა, ფლობდა თუ არა, ბატონი ცაგურია ინფორმაციას რკინიგზასა და პროკურატურაში მიმდინარე მოვლენების შესახებ...
"პრესა.ჯი": რამდენად რეალურია ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას რკინიგზაში დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე?
დაჩი ცაგურია: რა ფაქტებზე საუბრობთ. ნებისმიერ ორგანიზაციაზე შეიძლება ითქვას ასე. კონკრეტულად რაზეა საუბარი, ვერ ვხვდები... ასე, ბევრი რამ შეიძლება ვივარაუდოთ.
- გავრცელებული ინფრომაციით, უახლოეს მომავალში გუნცაძის გადადგომა იგეგმება. ხომ არ არის ეს გარემოება რკინიგზაში არსებული სავალალო მდგომარეობით გამოწვეული?
- სად გავრცელდა ეს ინფორმაცია? ვინ გაავრცელა? რის საფუძველზე უნდა ვიფიქროთ ასე?
ბრალდება, გუნცაძეზე, არის ძალიან არასერიოზული. ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
მისი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, იქ მენეჯერული გადაწყვეტილებები არ მიიღება და კომპანიის მართვა სამეთვალყურეო საბჭოდან არ ხდება.
- როგორ ფიქრობთ, გადაარჩენს ბატონ კოკას ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მფარველობა?
- ყოველგვარ ზღვარს გასცდა თვქენი შეკითხვები, კონკრეტულად, რომელ კორუფციულ ფაქტებზე მესაუბრებით, ვერ ვხვდები“.
[I=5]როგორც ჩანს, ბატონმა ცაგურიამ არ იცის და მისი სტატუსიდან გამომდინარე, არც შეიძლება იცოდეს ის რეალური ვითარება, რომელიც საქართველოს რკინიგზაშია.
თუმცა, სავარაუდოდ, პროკურატურის აქტიურობითა და ბახტაძე-გუნცაძის კლანის მოწინააღმდგეთა წყალობით, მალე რამდენიმე მნიშვნელოვანი „ქეისის“ სკანდალური დეტალები გახდება ცნობილი, რომელსაც დიდი ალბათობით, კოკა გუნცაძისა და მისი პარტნიორების კარიერა შეეწირება.
0