13:10:08     19-03-2018
დეპუტატები "ოჯახური მდგომარეობის" მიზეზით სხდომებს ვეღარ გააცდენენ

საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაცდენის საკითხები ახლებურად დარეგულირდება.
პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა მოამზადეს.
ცვლილებების მიხედვით, სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალიდან “ოჯახური მდგომარეობის” შესახებ ჩანაწერის ამოღება მოხდება, თუმცა პროექტით საპატიო მიზეზების ჩამონათვალს, როგორიცაა პარლამენტის წევრის ავადმყოფობა და სამსახურეობრივი მივლინება, ემატება – “ოჯახის წევრის გარდაცვალება”, ოჯახის წევრის დაბადება და ავადმყოფობა, რაც საავადმყოფო ფურცლით უნდა იყოს დადასტურებული.
ამასთან, პროექტით კონკრეტდება, თუ ვინ იგულისხმება ოჯახის წევრში, ესენი არიან – მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა.
„მოქმედი რედაქციით, სხდომის გაცდენის ერთ-ერთ საპატიო მიზეზი „ოჯახური მდგომარებაა“. აღნიშნული ტერმინი საკმაოდ ფართოა და იმის ზუსტად განსაზღვრა ვერ ხერხდება, თუ რა ითვლება კონკრეტულად „ოჯახურ მდგომარეობაში“ და რა შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, საჭიროა მისი დაკონკრეტება.
დეპუტატების მიერ გაცდენილი სხდომების უდიდესი წილი სწორედ „ოჯახური მდგომარეობის“ გამო გაცდენილი სხდომებია, რისი მიზეზის სიზუსტის გადამოწმება შეუძლებელია”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
0