17:07:27     16-03-2018
დეპუტატების ნაწილი პროდასავლური პარტიების წინააღმდეგ გამოდის

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის ლუსტრაცია,"-ამის შესახებ ნათქვამია ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" განცხადებაში, რომელიც ეხმაურება ე.წ. „პროდასავლური“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართვას".
"გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი ორგანიზაციები არ მიესალმებიან საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, გააუმჯობესოს ის უაღრესად მძიმე ვითარება, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩამოყალიბდა, ვინაიდან, სწორედ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული უპასუხისმგებლო და ირაციონალური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს შეუსუსტდა ყოველგვარი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბერკეტი მოწინააღმდეგეებთან.
გუშინ ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის ლუსტრაცია. სინამდვილეში, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილით, ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვა დროს ემიჯდნებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას, სინამდვილეში მათ სატელიტ, ერთ იდეოლოგიურ ბაზისზე არსებულ გაერთიანებებს წარმოადგენენ. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ იმ პარტიების დამოკიდებულება, რომლებიც საკუთარ თავს მოიაზრებენ „პროდასავლურებად“, რადიკალურად განსხვავდება ჩვენი მთავრობის და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დამოკიდებულებისაგან, მხედველობაში გვაქვს NATO-ს გენერალური მდივანი იან სტოლტემბერგი, რომელმაც განაცხადა, რომ ის მიესალმება „საქართველოს სურვილს, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების მოსაგვარებლად“. ამ პათოსის გამომხატველია აშშ-ის ელჩის, იან კელისა და სხვათა განცხადებები"-ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, რუსეთის ფედერაციისადმი საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიმართვასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს.
ოპოზიციის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ღიად პრორუსულია და გაუგებარს ხდის როგორც ჟენევის ფორმატს, ასევე დეოკუპაციის პოლიტიკას.
0