10:29:27     15-03-2018
მარგველაშვილმა ივანიშვილს შეხვედრა სთხოვა, ყოფილი პრემიერი პრეზიდენტს არ შეხვდა

„პრესა.ჯი“-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი მარგველაშვილი ინტენსიურად სთხოვდა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს „რამდენიმეწუთიან“ შეხვედრას.
ამ ინფორმაციის თანახმად, ბატონი მარგველაშვილი, რომელიც დიახაც რომ ივანიშვილის წყალობით გახდა პრეზიდენტი, მზად იყო, მილიარდელს მისივე სახლში ხლებოდა.
თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ყოფილმა პრემიერმა პრეზიდენტთან შეხვედრა არ ისურვა.
გავრცელებული ცნობით, თემა, რომელიც მარგველაშვილს ექს-პრემიერთან უნდა „გაეშალა“, პრეზიდენტობის უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ პერიოდს უკავშირდებოდა.
კერძოდ, მარგველაშვილის მიზანი ერთგვარი გარანტია და ისაა რომ მას შემდეგ, რაც თავის ძირითად დროს ქსოვასა და კარტოფილებს დაუთმობს, მისი პრეზიდენტობისდროინდელი შეცდომა-გადაცდომები აპატიონ...
მას იმ აღებ-მიცემობაზე გამოძიების შესაძლო დაწყებაც აღელვებს, რომელიც შეწყალების კომისიაში ხდება, რაც ამ საქმეზე, საკრებულოს წევრის დაკავებითაც გამომჟღავნდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ გამოძიება, შესაძლოა, პრეზიდენტის სასახლემდე მივიდეს...
სამაგიეროდ, პრეზიდენტს სურდა გამოეთქვა სრული მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით რომ „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართული ოცნების კანდიდატს არ დაუპირისპირდება“.
თუმცა, მარგველაშვილის საოცნებო შეხვედრა არ შედგა. ივანიშვილმა მასთან საუბარზე უარი თქვა.
ძნელი სათქმელია, რამდენად მძაფრად იმოქმედებს ყოფილი პრემიერის უარი მარგველაშვილის შემდგომ პოლიტიკურ გეგმებზე, თუმცა, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ მონაწილეობის შემთხვევაშიც კი, ის, დიდი სხვაობით დამარცხდება...
მარგველაშვილის გარემოცვა აცხადებს რომ „მსგავსი რამ მათთვის უცნობია“, პრეზიდენტის ივანიშვილთან შეხვედრის გამძაფრებული სურვილზე, კომენტარს არ აკეთებენ სახელმწიფო კანცელარიაშიც, ხოლო ყოფილი პრემიერი დუმს...
0