14:16:41     13-03-2018
„ტელევიზიაში თუ საგაზეთო ჟურნალისტიკაში ისეთი ამბები ხდება, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“

„რაც ქართულ ენასთან მიმართებაში ხდება, სრული კატასტროფაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ალიბეგაშვილის მოსმენა გაიმართა.
პარლამენტარმა გამოსვლისას საჯარო სივრცეებში გამოკრულ წარწერებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წარწერები ქუჩებში, საუბარი ტელევიზიაში თუ საგაზეთო ჟურნალისტიკაში - ისეთი ამბები ხდება, რომ იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“.
„მაგალითად, თბილისი გავსებულია „ელიტ ელექტრონიქსის“ რომელიღაც ტელევიზორის რეკლამით და ყველგან წერია: „მარტო შენთვის“. ამ დროს უნდა იყოს „მხოლოდ შენთვის“. არის რეკლამა და დღე და ღამე მღერიან ეთერში: “მიყვარს მარტო ზედაზენი“. მალე ალბათ ცნობილ რომანს „მხოლოდ შენ ერთს“ იმღერებენ - „მარტო შენ ერთს“.
გარდა ამისა, აფთიაქში შეხვალ და წერია: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება. ერთხელ მწარედ ვკითხე: ქალბატონო, წინ მიიღება-მეთქი? არის წარწერა „კარები გააღეთ შიგნით“. შე დალოცვილო, დაწერე „შეაღე“ - ერთი სიტყვა სჭირდება ამას. არის ბევრი ისეთი წარწერა, რომელიც უცხოურიდან არის თარგმნილი და წინადადება, რომელსაც ქართულად 6 სიტყვა სჭირდება, არის 12 სიტყვიანი, რადგან თარგმნილია და თარგმნილია ცუდად“, - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი გუგული მაღრაძე კი, გამართული ქართულით მეტყველების მიზნით ჟურნალისტებისა და პედაგოგების სავალდებულო ტრენინგის საჭიროებას ხედავს.
0