რომან გოცირიძე: პარლამენტის რეზოლუცია მოკვდა რომან გოცირიძე: პარლამენტის რეზოლუცია მოკვდა />


  16:22:07     12-03-2018

რომან გოცირიძე: პარლამენტის რეზოლუცია მოკვდა

a76863.jpg

რეზოლუცია, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო ოკუპანტთა ქმედება უნდა დაგმოს, ამ დრომდე შემუშავებული არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია რეზოლუციის ტექსტზე კონსესუსი საპარლამენტო ოპოზიციასთან მიაღწიონ.

ოპოზიცია კი ტექსტში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაწერას ითხოვს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ რეზოლუციის შემუშავების პროცესში სანქციების ნაწილის შემუშავება სამართლებრივი საკითხია, რასაც „სხვა სახის სიზუსტე სჭირდება“.

საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნაა, რეზოლუციის ტექსტს სანქციებთან ერთად დაემატოს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, რაც იქნება ქმედითი ნაბიჯი რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ მხოლოდ მაშინ დაუჭერენ მხარს რეზოლუციას, თუ მასში იქნება გათვალისწინებული სანქციების ნაწილი.

"პრესა.ჯი" საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

- პრემიერ-მინისტრის მხრიდან რუსეთისადმი მიმართვის შემდეგ პარლამენტის რეზოლუციას პათოსი დაუკარგა, თუმცა, კონსულტაციები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ერთიანი დოკუმენტის მიღებაზე შეწყვეტილი არ არის. რა მოხდა თქვენი აზრით?

- პარლამენტის ახალგაზრდობას ეგონა, რომ დაწერდნენ მკაცრ რეზოლუციას, რუსეთს თითს დაუქნევდნენ და ამით წარმოაჩენდნენ საკუთარ თავს პატრიოტებად, თუ პოლიტიკური გავლენის მქონე უმრავლესობად. დაწერეს ტექსტი, ბიძინა ივანიშვილმა თითი დაუქნია მთავრობას, აბა, რუსეთის გაღიზიანებას შეეშვითო. ეს სიგნალი პარლამენტის არაახალგაზრდულ ნაწილში დატრიალდა, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთო.

 ამის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა სამარცხვინო და კაპიტულანტური განცხადება, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის თავდაპირველ რეზოლუციასთან. შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ პარლამენტის რეზოლუცია მოკვდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ სცემს პასუხს, ეს არის განპირობებული იმით, რომ ივანიშვილი არ არის ჩამოყალიბებული. მთავრობის პოზიციას  ბიძინა ივანიშვილი აყალიბებს. სანამ არაფორმალრი მმართველი არ მისცემს სიგნალს, როგორი უნდა იყოს რეზოლუციის შინაარსი მანამდე იქნება ასეთი გაურკვევლობა.

- უმრავლესობაში ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სტანდარტის შესაფერისი განცხადება გააკეთა და თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ მისი პოზიცია ბიძინა ივანიშვილის ნაკარნახევია?

- იმიტომ, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა და რუსეთისადმი დათმობების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მთავარი ხაზია.

- ანუ, მოსალოდნელია, რომ პარლამენტი რეზოლუციას აღარ მიიღებს და შესაბამისად, აღარც ოპოზიციის მოთხოვნას სანქციების დაწესების შესახებ ექნება აზრი?

- პარლამენტს სურვილი ჰქონდა, რომ მიეღო გაერთიანებული რეზოლუცია, სადაც შესული იქნებოდა  სანქციების საკითხიც. პარლამენტი ახლა იტყვის, რომ სანქციები საჭირო არ არის და შესაძლოა, მიიღონ საკუთარი რეზოლუცია. 

თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ რეზოლუციის არსებული ტექსტი არ შეიცვლება, რადგან ამ რეზოლუციის აღწერილობითი ნაწილიც კი მკაცრია. მგონია, რომ მოიგონებენ საბაბს, რომ ჯობია, ყოფილიყო ერთიანი რეზოლუცია და რადგან ერთიანი არ არის, ამ სიტუაციაში მხოლოდ პარტიული დოკუმენტი იქნება უარესი და მასაც ჩახსნიან. აი, ეს არის მოსალოდნელი. 0

ავტორი: