14:43:53     12-03-2018
„მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ყველას გვიხარია, რომ უვნებელი დაგვიბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები“

საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ უმრავლესობაში არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ გადაიდო რეზოლუციის მიღება.
პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში თანხმობას ვერ მიაღწიეს. როგორც ცნობილია,საპარლამენტო უმცირესობა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას მოითხოვს, რასაც საპარლამენტო უმრავლესობაში, ჯერჯერობით არ ეთანხმებიან.
PRESA.GE პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ესაუბრა:
- რეზოლუციის მიღების დროში გაჭიანურების მიზეზად ოპოზიცია ასახელებს იმას, რომ მმართველი პარტია სანქციებთან დაკავშირებით ვერ თანხმდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ვფიქრობ, შესაძლებელია ერთიან ტექსტზე შეჯერება და არ მგონია, რომ ეს ის საკითხია, რომელიც უნდა იწვევდეს გახანგრძლივებული ტიპის დისკუსიას. ვფიქრობ, შესაძლებელია, მთავარ პრინციპებზე შეთანხმება და სამართლებრივი თვალსაზრისის საკითხებს, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტაციის საფუძველი, ამას სჭირდება მეტი სიზუსტე. პოლიტიკური შეფასების ნაწილში, კონსულტაციები შეჯერებით დასრულდება. სანქციები არის სისხლის სამართლებრივი საკითხი, მას სხვა ტიპის სიზუსტე და საკანონმდებლო დათქმებთან მიახლოება სჭირდება.
- მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა საკუთარი განცხადება გაავრცელა, რამდენად მოსალოდნელია, რომ პარლამენტის რეზოლუცია იქნება მწვავე და პრინციპული რუსეთის მისამართით. მოსალოდნელია, რომ პარლამენტმა რეზოლუციის ტექსტი შეარბილოს?
- პრემიერის პოზიცია და მისი განცხადება აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება რეზოლუციის სულისკვეთებას, რომელიც მმართველი გუნდის მიერ იყო ინიცირებული. პრემიერის განცხადება მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით არის ნაკარნახევი და არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის შინაარსის დემონსტრირება. ეს ის პოზიციაა, რომელსაც მუდმივად გვიმეორებს ყველა საერთაშორისო პარტნიორი. მგონია, რომ ყველაფერს სწორად გააზრება სჭირდება.
- პრემიერის განცხადებიდან 2 დღის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალიდან გაათავისუფლეს ორი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც ტატუნაშვილთან ერთად ტყვეობაში იმყოფებოდნენ. არის თუ არა ეს, გარკვეულწილად სწორედ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვის შედეგი?
- მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ყველას გვიხარია, რომ უვნებელი დაგვიბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები. დანარჩენს გამოძიება დაადგენს.
0