13:45:14     12-03-2018
სერგი კაპანაძე სუბარის ინიციატივაზე: მთავრობას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ჟენევის ფორმატი

„თუ მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტურია, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ჟენევის ფორმატი, რაც ძალიან სამწუხაროა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„შეფასება, რომ ეს ფორმატი არაეფექტური იყო მისი ფორმატის გამო, არის უბრალოდ არასწორი და არც მიკვირს ამ მთავრობის წარმომადგენლბისგან ასეთი განცხადება. რაც შეეხება დონის აწევას, ეს, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი. ეს არ არის პრობლემა. უბრალოდ აქ არის საკითხი, რაც უკავშირდება სხვა მონაწილეების დამოკიდებულებას ამ თემის მიმართ. მიმაჩნია, რომ დონის აწევა ის მიმართულებაა, რომელზეც მუშაობა შეიძლება, ოღონდ ნებისმიერ ასეთ განცხადებას და მცდელობას თან უნდა ახლდეს კარგი გაანალიზება იმისა, ხომ არ გამოიწვევს ეს ფორმატის გაუქმებას, ან თუნდაც რუსეთის როლის შეცვლას ფორმატის შიგნით. სწორედ ამიტომ ვიყავით ჩვენ - „ევროპული საქართველო“ შეშფოთებულები, როდესაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ ერთ კონტექსტში საუბარი ასევე პირდაპირ დიალოგზე ცხინვალთან და სოხუმთან. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მაშინ ჟენევის ფუნქცია შემცირდება, ამიტომ მთავრობის თუ სხვა წარმომადგენლები, როდესაც საუბრობენ ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, კარგია თუ ამას გაითვლისწინებს, რომ ჟენევის დაკარგვა შეიძლება იყოს ძალიან დიდი პრობლემა ჩვენთვის", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. რომ „უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე“.
მინისტრის აზრით, ჟენევის ფორმატი თავიდანვე არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული.
0