13:21:52     08-03-2018
კალაძე ელისაშვილზე: "ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია"

გაუგებარია, რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი ადამიანის განცხადებაზე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია; ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია, - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის მისამართ მას შემდეგ გააკეთა, რაც ელისაშვილმა ღამის ეკონომიკის განვითარების საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა.
"გაუგებარია, რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი ადამიანის განცხადებაზე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია. ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია. მე მაქვს ჩემი ხედვა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი დაპირება რაც იყო წინასაარჩევნოდ, ვალდებული ვარ, ეს დაპირება შევასრულო. აუცილებლად გავაკეთებ იმას, რომ თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე წარადგინა. კალაძის თქმით, ღამის ეკონომიკის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესს განავითარებს.
კალაძის ინიციატივას გუშინვე გამოეხმაურა ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა: „რა ღამის ეკონომიკა, რა გარიჟრაჟის და დოლ-გარმონის, ალიონზე შეგებების ადმინისტრაცია, მერიაში არსებობს ეკონომიკური განვითარების სამსახური, დილის ეკონომიკაც შედის იმაში, შუადღის ნაბახუსევზე გამოსვლაც და საღამოს დაისიც რას იგონებენ, ეს არის ხალხის აგდება და თავის თავის აგდებაც.
ღამის ცხოვრების რაიმე შემაფერხებელი თუ არსებობს, კონცეპტუალურად გაწერე. თუ რესურსი არ გყოფნის ერთჯერადი შეხვედრა გააკეთე კლუბების ხელმძღვანელებთან, დაწერე რეკომენდაციები და გამოასწორე“, - განაცხადა ელისაშვილმა.
0