16:25:56     07-03-2018
გიორგი კანდელაკი: ანატოლი ბიბილოვის განცხადება ცინიზმია

„ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადება არის ცინიზმი, რასაც სახელმწიფომ მტკიცე პოზიცია უნდა დაუპირისპიროს და მიიღოს სანქციების პაკეტი, რომ მომავალში ერთერთი შემაკავებელი ფაქტორი იქნება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი აზრით, იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი დანაშაულის პრევენცია მოხდეს, ჩვენი ამოცანა და მტკიცე პოზიციაა სახელმწიფომ და ყველამ ერთად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და შემოვიღოთ სანქციების პაკეტი იმ პირების მიმართ, ვინც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული ოთხოზორიას და ტატუნაშვილი საქმესთან.
„ეს არის ერთი რამ, რაც შეიძლება დავუპირისპიროთ და რაც იქნება შემკავებელი ფაქტორი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში - ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ანატოლი ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ „ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის გარეშე გადაცემის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა უფრო მეტი ნეგატივი მიიღოს, ვინაიდან ეს საკითხი ძალიან პოლიტიზირებულია ქართული მხარის მიერ“.
0