13:00:59     07-03-2018
"მე არ დავიკარგები... ჩემს ოჯახს ნორმალური ჰოლანდიური შემოსავალი აქვს"

ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, თუმცა ნორმალური ჰოლანდიური შემოსავალი აქვს, საწყის ეტაპზე ეს სავსებით საკმარისი იქნება, შემდეგ კი მე არ დავიკარგები, - ამის შესახებ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა რუსულ გამოცემა „მედუზასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის უკრაინაში წელსვე დაბრუნდება.
„მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკვე წელს დავბრუნდები უკრაინაში. არ ვფიქრობ, რომ ისინი დიდ ხანს გაძლებენ. ადამიანები, რომლებიც ასეთ ისტერიკაშია, დიდ ხანს გაძლება არ შეუძლიათ, უკრაინული ხასიათის, უკრაინელი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, ცვლილებებისკენ სწრაფვის გათვალისწინებით“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ვინაიდან მისი მეუღლე სანდრა რულოვსი ჰოლანდიელია, მას ნიდერლანდებში ოფიციალური სტატუსის მიღება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის გარეშე შეუძლია.
"მე არსად არ მინდა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა. მე აქ ვიმყოფები ლეგალურად, როგორც მოქალაქის ოჯახის წევრი. ჩამოსვლისთანავე, ნახევარ საათში მე ბინადრობის მოწმობა გადმომცეს. ეს მე მაძლევს უფლებას, მაგალითად, გავხსნა ანგარიში ბანკში, რადგან მე არც ერთი საბანკო ანგარიში არ დამრჩა. მე შემიძლია გადაადგილება, შემიძლია მქონდეს ლეგალური სამსახური. მაგალითად, უკვე მაქვს ლექციების წაკითხვისა და ფულის გამომუშავების შეთავაზებები“, - დასძინა სააკაშვილმა.
0