16:32:24     05-03-2018
„იორდანიის სამეფო მზადაა, საქართველოს იორდანეს სანაპიროზე მდებარე ნაკვეთი საკუთრებაში გადმოსცეს“

„იორდანიის სამეფო მზად არის, საქართველოს მდინარე იორდანეს სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადმოსცეს. ეს ის წმინდა ადგილია, სადაც იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა. შესაბამისად, ამ სანაპიროზე შესაძლებელია აშენდეს მართლმადიდებლური ეკლესია, ჩვენი მონდომების შემთხვევაში, იქ იქნება კიდევ ერთი წმინდა ადგილი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ამ ისტორიულ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ქრისტიანი იყრის თავს, რაც საქართველოს ცნობადობას გაზრდის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მზაობა იორდანულმა მხარემ, იორდანიის სამეფოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას გამოთქვა.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობით გასულ კვირაში, იორდანიის სამეფოში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან.
ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, იორდანიის სამეფოს პოზიცია უკვე ცნობილია საქართველოს საპატრიარქოსთვის. ასევე იგეგმება მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რომ შესაძლებელი გახდეს ამ წმინდა ადგილზე ქართული ეკლესიის კერის შექმნა.
„ეს მარტივი ამოცანა არ არის, სამწუხაროდ, ჩვენ ფაქტობრივად, დიასპორა არ გვყავს, 10 ქართველი ცხოვრობს სამეფოს დედაქალაქში.ამიტომ, თუ ყველანი ჩავერთვებით პროცესში, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანეთ“, -აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
0