გია ვოლსკი: ამ დანაშაულს შორეული პოლიტიკური მიზნებიც გააჩნია გია ვოლსკი: ამ დანაშაულს შორეული პოლიტიკური მიზნებიც გააჩნია />


  15:29:56     05-03-2018

გია ვოლსკი: ამ დანაშაულს შორეული პოლიტიკური მიზნებიც გააჩნია

a76677.jpg

პარლამენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებული რეზოლუციის ორი სხვადასხვა პროექტი დარეგისტრირდა, რომელსაც პარლამენტი ორ რეში, პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ვერსია არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

„ევროპული საქართველო“ კი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დაწესებას ითხოვს, რომელმაც საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტულ წარმომადგენლებს საერთაშორისო სანქციები უნდა დაუწესოს.

PRESA.GE პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გიორგი ვოლსკის ესაუბრა:

- ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით თუ არსებობს რაიმე სიახლე და რა მოლოდინი გაქვთ იმ რეზოლუციის მიღების შემდეგ, რომლის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი?

- ეს დანაშაული მნიშვნელოვანი კრიმინალური ელემენტების გარდა, შეიცავს ძალიან სერიოზულ ამორალურ მხარესაც. ამ თემებზე მიმდინარეობს მუშაობა, პრემიერმა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მაგრამ არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დანაშაულს შორეული პოლიტიკური მიზნებიც გააჩნია, რათა შეაფერხოს, წინ აღუდგეს  და ბარიერები შეუქმნას იმ პოლიტიკას, რომელსაც ვაწარმოებთ.  გარდა ამისა, ვაპირებთ, საკითხების ისეთი პაკეტის შემოტანას, რომელიც საზოგადოებებს შორის სერიოზულ ბერკეტებს შეიცავს.  როცა დოკუმენტს ვიღებთ, ვფიქრობ, ეს საკითხები სიღრმისეულად არის გასაანალიზებელი. რეზოლუციის პროექტი, რომელსაც უმრავლესობა წარმოადგენს,  არის სწორად ორიენტირებული.

- რამდენად არის თანამეგობრობის მხრიდან რეზოლუციის ძირითადი პათოსი გაზიარებული, რომელიც გულისხმობს დახმარებას ცხედრის გადმოსვენებაში, რუსეთის იძულებას, შასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ა.შ. 

- რეზოლუციაში პარლამენტი აფიქსირებს თავის პოზიციას. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობაში, გულგრილი არავინ დარჩენილა ამ საკითხის მიმართ. ცალკეული ქვეყნებით დაწყებული, საერთაშორისო ორგანიზაციებით დამთავრებული, საკუთარი პოზიცია ყველამ დააფიქსირა, თუმცა, ამ განცხადებების მიღმა არსებობს კიდევ სამუშაო პროცესი, რომელიც ხორციელდება. საქართველოს ხელისუფლების როგორც ადამიანურ, ისე პოლიტიკურ ინტერესებშია, რომ  ცხედრის გადმოცემა მოხდეს.

- თქვენი აზრით, რატომ ჯიუტდება ოკუპანტი  და რას ცვლის ცხედრის გადმოსვენების დროის გადავადება?

- ვფიქრობ, ძალადობას ჰქონდა ადგილი და ამის გამო, იქით მხარესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, რადგან ეს არ გახლავთ ორდინალური მოვლენა. ადამიანის მიმართ ჩადენილია დანაშაული, რომელიც არც ოკუპანტს უნდა აწყობდეს და არც ოკუპაციის ქვეშ მყოფ დე ფაქტო ადმინისტრაციას. ვითარება საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ჩვენი პოზიცია ყველანაირად გამართლებულია, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე არღვევს ყველანაირ საერთაშორისო ნორმას და ასევე ადამიანურობის პრინციპებს. 0

ავტორი: