გუგული მაღრაძე: ჩვენ ვერცერთ ქვეყანას ომს ვერ დავუწყებთ გუგული მაღრაძე: ჩვენ ვერცერთ ქვეყანას ომს ვერ დავუწყებთ />


  13:56:51     05-03-2018

გუგული მაღრაძე: ჩვენ ვერცერთ ქვეყანას ომს ვერ დავუწყებთ

a76668.jpg

პარლამენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებული რეზოლუციის ორი სხვადასხვა პროექტი არსებობს. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ვერსია არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

„ევროპული საქართველო“ კი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დაწესებას ითხოვს, რომელმაც საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტულ წარმომადგენლებს საერთაშორისო სანქციები უნდა დაუწესოს.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილის თქმით, რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს მანამ, სანამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელები.

PRESA.GE საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გუგული მაღრაძეს ესაუბრა:

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს რეზოლუციის პროექტის შინაარსი, რომელიც პარლამენტმა უახლეს დღეებში უნდა მიიღოს?

- რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო რეზოლუცია კარგად აწონ-დაწონილი უნდა იყოს, უნდა გამოხატავდეს ჩვენს დამოკიდებულებას, პროტესტს, ამავე დროს უნდა იყოს პრინციპული.

- რა შეიძლება შეცვალოს ამ რეზოლუციამ, რაც არ უნდა მკაცრი იყოს მისი შინაარსი?

- ნებისმერი ნაბიჯი, რეზოლუცია იქნება თუ განცხადება, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მსოფლიო საზოგადოებას მიაქცევინებს ყურადღებას, რაშია საქმე, რა ხდება და რამდენად საშიში და შორს მიმავალი შეიძლება იყოს ოკუპაციის შედეგები. აქ მხოლოდ ტერიტორიასა და ხაზებზე კი არაა საქმე, ადამინების სიცოცხლე ეწირება იმას, რომ ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებულია. ჩვენ ვერცერთ ქვეყანას ომს ვერ დავუწყებთ, მაგრამ ასეთი ტიპის რეზოლუცია იქნება დოკუმენტი, რომელიც მსოფლიოს დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. ვფიქრობ, რეზოლუცია მთელი პარლამენტის მიერ იქნება მიღებული, რაც მაჩვენებელი იქნება იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკური ძალები და საზოგადოება ერთიანი არიან რუსეთის წინააღმდეგ და ოკუპაციის დაგმობის საქმეში.

- ოპოზიციას აქვს რეზოლუციის თავისი ვარიანტი, რომლის  შინაარსსაც მათივე ინფორმაციით, ევროპარლამენტი მხარს უჭერს. ფიქრობთ, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენა ეფექტური იქნება სეპარატისტული რეჟიმის დამნაშავე პირთა წინააღმდეგ?

- როდესაც რაიმე შეთავაზება არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ მას მთლიანად უნდა დავეთანხმოთ. შეთანხმება ნიშნავს, რომ რაღაცას ავიღებთ იქიდან, რაღაც იქნება ჩვენი და მოვახდენთ შეთანხმებას. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი თავის ვარიანტს წარმოადგენს და მაშინ ჩემი როლი რაღაში მდგომარეობს, ყველაფერი თუ ისე მივიღე, როგორც მთავაზობენ? მე ჩემი პოზიცია მაქვს და რამდენი მხარეც არ უნდა იყოს, უნდა მოვახერხოთ, რომ კონსესუსის საფუძველზე საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ. ოპოზიციის პროექტი, ცხადია განიხილება და ვართ დაინტერესებული, რომ საერთო დოკუმენტი მივიღოთ.  ქვეყნის ოკუპაცია და დამოკიდებულება ტერიტორიული მთლიანობისადმი არის ისეთი პრინციპული საკითხი, რომელიც საქართველში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისთვის, არის საერთო.

- როგორც ცნობილია, ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით კეთდება ყველაფერი, თუმცა, ფაქტია, რომ დრო გადის და მისი ცხედრის გადმოცემა არ ხდება. არაერთი ეჭვი გამოითქვა, რომ ძალადობის კვალის დასაფარად, ცხედარი შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების ხელშია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

- მე არ ვარ სპეცსამსახურების წარმომადგენელი და როგორც პარლამენტარს, მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც - ყველას. მიმაჩნია, რომ ცხედრის გადმოსვენების საკითხი დადებითად გადაწყდება. როგორც ჩანს, იქითა მხარე დროს წელავს, რადგან მეც ვფიქრობ რომ ტატუნაშვილის სხეულზე არისა ისეთი ნიშნები, რომელიც ადასტურებს რომ ის ძალადობრივი სიკვდილით არის გარდაცვლილი.

- ვისი თვალის ასახვევად კეთდება ეს? 

- იმის მიუხედავად, რომ რუსეთს განსაკუთრებით არ ენაღვლება ხოლმე, რას იტყვის საერთაშორისო თანამეგობრობა, მაინც უწევს ანგარიშს და არ უნდა, არსებობდეს წონიანი ფაქტი იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას, ადამიანების წამებას და ა.შ. ეს რუსეთს არ აწყობს. რუსეთს სურს, რაც შეიძლება ნაკლები გართულებები ჰქონდეს საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან.

- ასეთ შემთხვევაში, რამდენად იმოქმედებს რუსეთის ამგვარ მცდელობაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობა?

- ყველაფერი მოქმედებს  რუსეთის წინააღმდეგ. სანქციებია მის წინააღმდეგ  და ზოგიერთ ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთის მიმართ  სანქციები უნდა გაუქმდეს, ან შესუსტდეს, ასეთი  ფაქტების საერთაშორისო გამოძახილი ხელს უწყობს იმას, რომ  სანქციები არათუ უნდა შესუსტდეს, არამედ მეტად გაძლიერდეს. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა იმისათვის, რომ რუსეთის იმპერიალისტური და დამპყრობლური ამბიციები დაოკდეს. 0

ავტორი: