კობა ნარჩემაშვილი: ტატუნაშვილის მკვლელობა შესაძლოა, გახდეს წყალგამყოფი კობა ნარჩემაშვილი: ტატუნაშვილის მკვლელობა შესაძლოა, გახდეს წყალგამყოფი />


  16:42:28     02-03-2018

კობა ნარჩემაშვილი: ტატუნაშვილის მკვლელობა შესაძლოა, გახდეს წყალგამყოფი

a76618.jpg

ქართული მხარის ინიციატივით, გუშინ  ერგნეთში გამართული შეხვედრა შეწყდა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. 

როგორც ცნობილია, ქართულმა მხარემ მკაფიო პასუხები ვერ მიიღო ორ შეკითხვაზე:როდის მოახერხებს ოჯახი ცხედრის მიღებას და როდის შეეძლება ახალგორში მყოფ საქართველოს ორ მოქალაქეს, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია. 

PRESA.GE საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კობა ნარჩემაშვილს ესაუბრა:

- ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ რუსეთიდან ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს არ გადაეცემა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, მოკლულის გადმოსვენებისა და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საქმეში? 

- ერგნეთის ბოლო შეხვედრა ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არის განსაკუთრებული შემთხვევა მთელი ამ მცოცავი ოკუპაციის განმავლობაში. 

ეს ზღვარს გადასული ფაქტი არანაირ ნორმაში არ ჯდება და სრულიად აღმაშფოთებელია. ყველაზე მეტად დასაგმობია ის, რომ მფარველებთან ერთად სეპარატისტული რეჟიმის ნამდვილი სახე გამოჩნდა. კეთდება შედარებები იგივე ოთხოზორიასთან დაკავშირებით, მაგრამ  მაშინ კონკრეტულმა კრიმინალმა, რომელსაც თუნდაც სეპარატისტული რეჟიმი მფარველობდა, თვითონ დე ფაქტო სისტემა გახადა ამ ადამიანის მკვლელი. 

დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო -სამედიცინო დასკვნა, როგორიც არ უნდა დაიდოს, ის ვერ იქნება ობიექტური, რადგან ის არ ტარდება დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ვფიქრობ, იმ ვითარებაში, როგორშიც რუსეთი და სეპარატისტული რეჟიმი საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების ფონზე აღმოჩნდა, სახარბიელო არ არის. 

პარლამენტმა და საგარეო უწყებამ ბევრი იმუშავა და თუ გადახედავთ განცხადებებს, პრაქტიკულად არ დარჩენილა დიდი თუ მცირე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ამ საკითხზე მწვავე რეაქცია არ მოახდინა. ვფიქრობ, რუსეთს და ცხინვალს თავად ესმის ეს ჩიხური მდგომარეობა და რაც უფრო სწრაფად მოხდება ცხედრის გადმოცემა, მით უკეთესი იქნება, რადგან ეს იწვევს წმინდა ადამიანურ გაღიზიანებას ქვეყნის მოსახლეობაში.

- გაღიზიანების ფონზე არაერთხელ გაიჟღერა ინიციატივამ რომ პროტესტის ნიშნად მოხდეს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა და არ იქნას გატარებული არანაირი ტვირთი. ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურების შემთხვევაში, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველოს მოქალაქეების პროტესტმა მსგავსი ფორმა მიიღოს? 

- ჩემი აზრით, ასეთი განცხადებები არის უპასუხისმგებლო. ამ ადამიანებს ან არ ესმით, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები არსებობენ და მუშაობენ, ან უბრალოდ, არ უნდათ ამის გაგება. ვფიქრობ, მსგავსი მოწოდებები პროვოკაციულ და საფრთხის შემცველ ხასიათს ატარებს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი. 

ვფიქრობ, ფორმატი, რომელიც ამ საკითხების პრევენციასა და რეაგირებასთან დაკავშირებით მოქმედებს, ან გასაფართოებელია, ან რაღაც დასამატებელია, თუმცა მგონია, რომ ტატუნაშვილის მკვლელობა შესაძლოა, გახდეს წყალგამყოფი მომდევნო ურთიერთობებთან დაკავშირებით.

- პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მომზადდა ორი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისთვის სანქციების დაწესების და სადამსჯელო მექანიზმის შექმნას. როგორია თქვენი პოზიცია?

- რა თქმა უნდა, ოპოზიციას აქვს მცდელობა დაადანაშაულოს ხელისუფლება გარკვეულ მოქმედებებში, მაგრამ კარგად იციან, რომ მანამდეც და ახლაც ყველაფერი კეთდება. ყველა შესაძლო საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევაა გამოყენებული რომ მოხდეს პრევენცია, ან უკვე მომხდარზე, მოხდეს ადეკვატური რეაგირება. 

თუკი უმცირესობის რეზოლუციაში არის ისეთი რამ, რისი გამოყენებაც შეიძლება, ის გამოყენებული იქნება ჩვენს რეზოლუციაში. ჩვენი რეზოლუცია უკვე დარეგისტრირებულია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს პათოსსაც გაიზიარებს ოპოზიცია. ყველა ასეთ რეზოლუციას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც მიიღება პარლამენტის მიერ თანხმობით. ვფიქრობ, ამ რეზოლუციას დიდი რეზონანსი მოჰყვება საერთაშორისო თვალსაზრისით. 0

ავტორი: