19:07:18     01-03-2018
გია ხუხაშვილი: ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ აბსურდში

როგორ აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მარიონეტული რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაზე პრემიერ-მინისტრის რეაქციას და რა პოზიცია აქვს, პოლიტოლოგს, ბორჯომის კრიზისზე?
„პრესა.ჯი“: იყო თუ არა ტატუნაშვილის მკვლელობაზე პრემიერ-მინისტრის რეაქცია ადეკვატური?
გია ხუხაშვილი: ჩვენი პრემიერ-მინისტრისგან ადეკვატურ ნაბიჯებს არ ველოდები, მას შეუძლია მხოლოდ რიტორიკული პასუხი გასცეს კითხვებს.
ფაქტია, რომ ბევრი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ერთადერთი რაც ჩვენს კომპეტენციაში რჩება, არის ის რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, იქნას გამოძიებული ეს საკითხი, დადგინდეს მკვლელობის ყველა მოქმედი პირი, შემსრულებელი და დამკვეთი.
ის, ვინც პოლიტიკურ შეფუთვას უზრუნველყოფს და ა.შ, უნდა გაკეთდეს დიდი სია, აუცილებელია სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება და დამნაშავეები უნდა გამოცხადდნენ ინტერპოლით ძებნაში.
ამის შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ უნდა მოითხოვოს მათი ჩამოყვანა ყველა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან, რომელსაც შესაბამისი ვალდებულება აქვს.
ამ ეტაპზე, ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის ეს, მაგრამ ამ კუთხითაც ვერ ვხედავ ხელისუფლების აქტიურობას.
- ბორჯომში მიმდინარე პროცესებს როგორ შეაფასებდით?
- ეს უკვე აბსურდია, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ აბსურდში, წაროიდგინეთ ხელისუფლება ატარებს აქციას ხელფასების მომატების მოთხოვნით.
ბორჯომი ერთადერთი რაიონია, სადაც ოპოზიცია უმრავლესობაშია, როცა აქ ხელისუფლება ამას კადრულობს, წარმოიდგინეთ რა ხდება სხვა რეგიონებში, სადაც ისინი უმრავლესობაში არიან, როგორ იმატებენ ხელფასებს, როგორ არიან დახარბებულები კეთილდღეობაზე? სადაც ეს გაუვიდათ არიან ძალიან კარგად და ტკბილად.
ბორჯომში კი, ხელისუფლების წარმომადგენლები ღიზიანდებიან იმაზე, რომ სხვა რაიონებში მათმა კოლეგებმა ტკბილად შეირგეს ყველაფერი, მათთან კი ვიღაც ფეხებში გაებლანდათ და ამიტომ ხელფასებს ვერ იმატებენ.
ეს არის ტრაგი-კომედია, მე არ მეგულება მსოფლიოში პრეცენდენტი, სადაც მსგავსი აბსურდი მომხდარიყოს.
0